სოხუმისა და თბილისის პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებისადმი

სოხუმისა და თბილისის პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებისადმი

„სოჭში ხელმოწერილმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ აფხაზურ და ქართულ ელიტაში ნერვიულობა გამოიწვია", - აღნიშნულია ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტ"-ში გამოქვეყნებულ ალექსეი ტოკარევის სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული და გაანალიზებული ორმხრივ დოკუმენტთან დაკავშირებული მოვლენები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

„როგორც კი აფხაზეთში დიპლომატიური არხებით რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი მიიღეს, აფხაზურმა ელიტამ და საზოგადოებამ დაიწყო ისეთი სიტყვების თუ ტერმინების ძიება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, გაემართლებინათ თავიანთი სურვილი - ხელი არ მოეწერათ სწორედ ისეთი შინაარსის მქონე დოკუმენტისთვის, როგორსაც მოსკოვი სთავაზობდა და იმავდროულად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინათ სახელმწიფო-მფარველთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აშკარა იყო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის პარტია „ამცახარას" მცდელობა, რომლის ყრილობაზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გაისმა (...)

აფხაზეთის დღევანდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, თუ როგორი „საჩუქრები" დატოვა ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის შემდეგ. მხედველობაშია საზოგადოებაში აქტიურად მოარული ხმები, რომელთა თანახმად, „ანქვაბი იმიტომ გადადგა, რომ მას ხელშეკრულების რუსულ „კაბალურ" პროექტზე ხელმოწერა არ სურდა", იგი მოსკოვმა აიძულა, თანამდებობა დაეტოვებინა, რაულ ხაჯიმბა კი მას დაუყონებლივ ხელს მოაწერსო, თუმცა, ეს ასე არ მოხდა: ხელშეკრულების პროექტს საკმაო ხნის განმავლობაში იხილავდნენ როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში (...)

სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, სადაც მაგისტრალური განწყობა ოსი ხალხის გაერთიანება და რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა, აფხაზეთის მოსახლეობის ცნობიერებაში სუვერენიტეტის ცნება ღრმადაა გამჯდარი. მართალია, პოლიტიკური ელიტა და მოსახლეობა გრძნობს, თუ როგორი მადლობელი უნდა იყვნენ რუსეთისა, მაგრამ იმავდროულად სოხუმი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკა დამოუკიდებელი უნდა დარჩეს.

ექსპერტები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის ანალიზს აკეთებენ, არცთუ ისე იშვიათად სოხუმ-მოსკოვის ერთმანეთთან დამოკიდებულებას მდიდარი მამაკაცისა და მისი ხარჭის ურთიერთობას ადარებენ, ანუ ვინც ფულს გიხდის, მისთვის უნდა იცეკვო. მაგრამ ერთი ნიუანსით: ამგვარ კოორდინატთა სისტემაში აფხაზეთი იმდენად ამაყი ქალია, რომ მას რომ უსაყვედურო, მე გინახავ და უნდა დამემორჩილოო, იგი სილას გაგაწნავს და მიგატოვებს, მაგრამ ყოფილ ქმარს არ დაუბრუნდება და მარტო დარჩენას ამჯობინებს. აფხაზებს პატივისცემით უნდა მოეპყრო, მათი ხასიათის გათვალისწინებით, ყოველგვარი ამ ტიპის საყვედურების გარეშე - „გაიხსენე, ვინ იყავი და სად იქნებოდი, მე რომ არ დაგხმარებოდიო".

აფხაზეთში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტრენდი (ტენდენცია) არსებობს: პოლიტიკური დამოუკიდებლობის მტკიცე სურვილი და სულ უფრო მეტი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც რესპუბლიკის დესუვერენიზაციას აღრმავებს. აფხაზეთისადმი რუსული დახმარების შედეგები შეიძლება ზღვის ტალღების მოქმედებას შევადაროთ: თავდაპირველად ის ძლიერია, შემდეგ კი მისი ძალა და შედეგი თანდათან მცირდება... მდინარე ფსოუდან სოხუმამდე კარგად გარემონტებული გზაა, მაგრამ სოხუმის იქით საქართველოს საზღვრამდე ტიპიური რუსული გზა იწყება - ორმოებით და ასფალტის ნარჩენებით (...)

იურიდიულად სუვერენული სახელმწიფოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის მიუხედავად, რუსული დოტაციები საზოგადოების ფასეულობათა დონეზე გავლენას არ ახდენს. „მერე რა, რომ ყველაფერი რუსეთიდან შემოდის და მოსკოვი გვმფარველობს. აფხაზეთში დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის ცოცხლობს. ჩვენში ყოველთვის იქნება ათეულ ათასობით ადამიანი, რომელიც ავტომატით ხელში სამშობლოს დაიცავს", - ამბობს აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ალხას თხაგუშევი. ამასთან იგი იმასაც აცნობიერებს, რომ ჩრდილოელ მეზობელზე დამოკიდებულება აფხაზეთს საბოლოოდ რუსეთის რეგიონად გადაქცევის ბედს უმზადებს: „თუ ჩვენ მასწავლებლისა და მოსწავლის მსგავსი ურთიერთობა გვექნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს, მოსწავლე მასზე უკეთესი გაიზარდოს, ხომ ასეა? მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ელიტას (როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში) არ სურს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე რესპუბლიკის განვითარებისათვის და რუსულ დოტაციებზე ცხოვრებას ამჯობინებს".

შეკითხვაზე, „ვინ და რატომ დააჩქარა რუსეთში ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი", ყველა პასუხობს: „ვლადისლავ სურკოვმა" (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში). ასლან თხაგუშევი ასე განმარტავს სიტუაციას: „ოკეანის ზვიგენი რომ პატარა ტბაში გაუშვა, ბუნებრივია, ის თავისი საქმის გაკეთებას ეფექტიანად და სწრაფად შეეცდება, რათა ასევე სწრაფად დაბრუნდეს ჩვეულ გარემოში" (...)

საქართველოში რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ შიდაპოლიტიკური სიტუაციაა მნიშვნელოვნად გაამწვავა: ნოემბრის დასაწყისში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა (...)

დღევანდელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკურსში ელიტას საზოგადოების მართვისათვის ორი ბერკეტი აქვს - თაფლაკვერი და მათრახი: პირველი ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციაა, მეორე კი რუსეთთან ურთიერთობა. პირველთან მიმართებით საზოგადოება უფრო კონსოლიდირებულია, რადგან ადგილობრივი მასმედია ხელს უწყობს ანტირუსული განწყობის გაღვივებას და ეს ხდება არა მარტო ქართული, არამედ რუსული მედიის მიერაც. ბრალდებები „პრორუსულობაში" და „ევროინტეგრაციის ჩაშლაში" ქართველ პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან ჰგავს აფხაზურ სიტუაციას, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს „პროქართველობას" წამოაძახებენ ხოლმე.

სწორედ „ევროინტეგრაციის ჩაშლის მცდელობა" და „რუსეთისადმი ყურადღება" წამოაძახეს ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა (...)

მართალია, სტანდარტული კონსტრუქცია „ხელისუფლება-ოპოზიცია" საქართველოში ჯერ კიდევ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიშალა (პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამას დაემთხვა შიდაპოლიტიკური უთანხმოებანი მმართველი კოალიციის ცალკეულ ფიგურანტებსა და პარტიებს შორის, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის), მაგრამ მათი ურთიერთობა სოჭში მომხდარმა მოვლენამ უფრო გაამწვავა. შეიძლება ითქვას, ორივე მხარემ - პოზიციამაც და ოპოზიციამაც თავისი ინტერესებისათვის გამოიყენა (...)

საქართველოში არცერთ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს აფხაზეთის საგარეო ვექტორისადმი ილუზიები არ აქვს, თუმცა აშკარაა, რომ სოხუმისათვის ხელშეკრულების „შეტენვის" დროს რუსეთმა აფხაზეთის მიმართ რამდენიმე  გარემოება მხედველობაში არ მიიღო: პირველი - არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული ხელისუფლების ვერტიკალი და მისი სტრატეგია; მეორე - ოპოზიცია აქტიურად თამაშობს აფხაზთა ტრადიციულ ფობიაზე - სუვერენიტეტის დაკარგვაზე და მესამე - „ზემოდან, დიპლომატიურად ჩამოშვებული" ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს აფხაზური ელიტის იმ ნაწილს, რომელიც „პროცედურულ პატივისცემას" ითხოვს. ამ სიტუაციაში რუსეთი იძულებულია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაქციოს ყურადღება აფხაზეთის სპეციფიკას (...)

მოკლედ, ხელშეკრულება ხელმოწერილია; აფხაზური საზოგადოება მთლიანობაში თანახმაა; რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისადმი დახმარებას, ადგილობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის მომხმარებლური განწყობის გათვალისწინებით; აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება შიდა რესურსების გამოყენებით ჯერ კიდევ ღიად რჩება; საქართველოსთან მეტ-ნაკლებად მისაღები ურთიერთობის იმედები ჯერჯერობით ისევ ცოცხლობს.

http://www.kommersant.ru/doc/2619000?isSearch=True