მთავრობა ფასწარმოქმნას არ ახორციელებს, მთავრობა სოციალურ პოლიტიკას განსაზღვრავს

მთავრობა ფასწარმოქმნას არ ახორციელებს, მთავრობა სოციალურ პოლიტიკას განსაზღვრავს

მთავრობა ფასწარმოქმნას არ ახორციელებს, მთავრობა განსაზღვრავს სოციალურ პოლიტიკას, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის საკითხზე დასმულ შეკითხვას. მანვე მთავრობის სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

"სოციალური პოლიტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში მკაფიოდ დავაფიქსირეთ, თუნდაც იმით, რომ ორჯერ გაიზარდა სოციალური შემწეობები. პენსია, პრაქტიკულად 50 პროცენტით გაიზარდა. ეს არის ის მზადყოფნა, რასაც საქართველოს მთავრობა გამოთქვამს სოციალური მიმართულებით. ვხვდებით და გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ მხრივ, რომ სოციალური დახმარება უფრო მეტად გაიზარდოს და სოციალურად დაუცველ ფენას მივცეთ საშუალება, რომ სამუშაო ადგილებით და საკუთარი შრომით უზრუნველყოს ოჯახის შემოსავალი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ბოლო დღეებში, საქართველოში საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ობიექტებში განუცხადეს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა, მაგალითად, თუ ტომარა აქამდე 25-26 ლარი ღირდა, ახლა 36-37 ლარი ღირს. გაძვირებულია შაქარიც. ერთი ტომარა შაქარი 61 ლარიდან 64 ლარამდე გაძვირდა. გაძვირდა ყველა სახის ბურღულეული.

10 თეთრიდან 20 თეთრამდე გაძვირდა შესქელებული რძე და თუ ღირდა 1,50 ლარი, ახალი ფასი 1,65 ლარია. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ფასი თითქმის არ შეცვლილა.