დიტო გელოვანი: მობილურები და რეაქტიულები

დიტო გელოვანი: მობილურები და რეაქტიულები

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - “ვერსია”]

რა ჯანდაბად გინდათ ფოსტა ბოლდუინს-რანჩოში? რა სარგებლობას მოგცემთ? ჭერილები, კიდეც რომ მოვიდეს მანდ, რად გინდათ? ჭერა კითხვა რომ იცოდეთ, მესმის, წაიკითხავდით. ღაც შეეხება სხვა რაიონებისთვის გადასაცემ ფულიან ბანდეროლებს, ნუთუ ამდენ ხანს ვერ გაიგეთ, რომ მათ არასდროს მიუღწევიათ დანიშნულების ადგილამდე? ეს კი უსიამოვნების მეტს არას მოგიტანთ. ჰოდა, ტყუილად რას იტკივებთ თავს და რას დაგიჩემებიათ, ფოსტა, ფოსტაო. თქვენზე რომ შემტკივა გული, იმიტომ გირჩევთ, თავი დაანებოთ ამ სისულელეს. აი, მესმის ციხე, დიდი ტევადი ციხე და უფასო სკოლა რომ მოითხოვოთ. ეს თქვენ ნამდვილად გესაჭიროებათ, ნამდვილად გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ. ამ საქმეს ახლავე მივხედავ.

(მარკ ტვენი, “როგორ ვმსახურობდი სენატორის მდივნად”)

 

“წარმომადგენლობით სახალხო კრება”... კრებას ნამდვილად ჰგავდა – შეიკრიბნენ. ნამდვილად სახალხო იყო – ეგენიც ხალხია. წარმომადგენლობითიც იყო, რადგან კრების თითოეული მონაწილე, სულ მინიმუმ, ერთ ადამიანს მაინც წარმოადგენდა – საკუთარ თავს. რაც იყო – იყო, მაგრამ მე ის გამახსენდა, რაც მანამდე იყო, 1990 წლის 15-16 მარტს - “ეროვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენცია. ისეთი საგანგებო სისულლე ბევრი არ მომხდარა ამ ქვეყანაში და მას შემდეგ ვეღარც გავიგე სიტყვა “კონფერენციის” მნიშვნელობა. სულ მგონია, რომ კონფერენციებზე ერთმანეთს სუკის აგენტებად აცხადებენ, მკვდარს არ უტოვებენ საფლავში და ტკბილად იხსენიებენ ოპონენტის საგვარეულოში ვინც კი გაუთხოვარია.

 

იმიტომაც ვინახავ სათუთად 1990 წლის იმ კონფერენციის მოსაწვევს, რომ ერთხელაც ვინმემ მითხრას, ბოლო-ბოლო, რა იყო ის.

და რა იყო ეს, ანუ, ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში? კრება იყო... პედსაბჭო მახსოვს, კრებებს ვერ ვიხსენებ.

თუ გვინდა რომ გავიგოთ, რა იყო ეს, ალბათ, სჯობს ლეიბორისტებს მოვუსმინოთ: “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხის მანდატით აღჭურვილ ნებისმიერ შეკრებასა და გაერთიანებას, რომელიც რეალური დემოკრატიული პროცესებისკენ, უკეთესი საარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობის შექმნისკენ არის მიმართული”.

 

აი, თურმე, რა ყოფილა... თუმცა, რადგან იქვე ლეიბორისტებმა თქვეს, ასეთ შეკრებაში მონაწილეობისთვის ჯერ მზად არ ვართო, ისიც გაირკვა, რომ სადაც შეკრება ხალხის მანდატით არის აღჭურვილი, იქ ლეიბორისტები მისვლას ვერ ახერხებენ.

 

ჭეშმარიტად გეუბნებით: ლეიბორისტებისთვის ყველაზე მისაღები ის იქნებოდა, ფილარმონიაში არმისვლისთვის მათთვის ვინმეს ხელფასი რომ გადაეხადა.

 

მოკლედ, პარლამენტი არ არის ხალხის მანდატით აჭღურვილი, ლეიბორისტები იქ არ დადიან და იღებენ ხელფასს კრებაზე ვერც გოგი თოფაძე მივიდა - მის სამონადირეო მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა. ეგ რომ არა, ნამდვილად მივიდოდიო. ალბათ, საკუთარი ხელით აქრობდა ხანძარს და შთაბეჭდილებებს ვერ უზიარებდა თემურ გიორგაძეს, რომელიც მხოლოდ იმ ხანძრებზე ესწრება, რომლებსაც ტელეჟურნალისტები ესწრებიან.

 

ეს იყო და ეს, რაც წარმომადგენლობით სახალხო კრებიდან დამამახსოვრდა. ვფიქრობ, არც კრების მონაწილეებს დაამახსოვრდებოდათ ბევრად მეტი. ან კი როგორ დაამახსოვრდებოდათ, როდესაც თვით კრების სულისჩამდგმელმა ნინო ბურჯანაძემაც არაფერი იცოდა. 27 სექტემბერს “ბროშკების მბრძანებელი” არ ფლობდა ინფორმაციას გარდაიქმნება თუ არა პარტიად “წარმომადგენლობითი სახალხო კრება”, ხოლო 29 სექტემბერს არ გამორიცხავდა 25 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების დაიწყებას.

 

დამეთანხმებით, ეს ყველაფერი არცთუ სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. “ვინც არ მოვა, ინანებს” - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა და შთაბეჭდილება უფრო დაამძიმა. მიხვალ – ინანებ, არ მიხვალ – ინანებ. ზუსტად ისე გამოვიდა, ლადო ასათიანმა როგორც თქვა: საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე”.

 

ხოლო მიხეილ სააკაშვილმა თქვა: “როცა პოლიტიკურ ოპონენტს ჭადრაკს ეთამაშები, ის კი შაშს გეთამაშება, ვერასოდეს მოგიგებს”.

 

ჭადრაკი და შაში... იქით ერთი მეფეა და მრავალი პაიკი, აქეთ კი ყველა ერთმანეთს გავს და ყველას თვითონ უნდა დამკაში გასვლა. არ არის  გამორიცხული, რომ გუბაზ სანიკიძეს ასეთი რამ გაეფიქრებინოს: “როცა შენ შტანგას ეწევი და ამ დროს მოწინააღმდეგე ბატუტზე ხტუნაობს, აქვს კი თამაშს აზრი?” “ეგრე არ ვთამაშობ” - იტყოდა სახურავზე მცხოვრები კარლსონი და ამით ზუსტად გამოხარავდა ქართველთა საერთო-სახალხო აზრს.

 

“ვაგრძელებ თამაშს” - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა და ინტერპრესნიუსს პარიზიდან აცნობა, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ამის დამალვას არც ცდილობს. შემდეგ. სააგენტომ უთხრა, აღიარე, რომ ახალი პარტიის თანათავმჯდომარეები ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი იქნებიანო. აქ კი, თავდაცვის ექს-მინისტრმა კალამს ხელი სტაცა (როგორც მაშინ, დაკითხვაზე) - არა მხოლოდ ეს გვარები, არამედ შეიძლება, სხვა გვარებიც იყოსო და დააპირა ისეთი გვარების ჩამოწერა, რომლებიც ისედაც აღწერილებიც არიან (მიშამ აღწერა) და ჩამოწერილებიც (საკუთარი თავი თვითონვე ჩამოწერეს). არ არის საჭიროო – უთხრა სააგენტომ და ოქრუაშვილი ხალხს დაპირდა, რომ ახალ წელს პარიზში ახალ პარტიასთან ერთად შეხვდება.

 

ოქრუაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაციისთვის უკვე ემზადება საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი. გასულ კვირაში გენდერული სტატისტიკის შესახებ თბილისში რეგიონალური სემინარი გაიმართა. შემინარის მონაწილეებმა საერთოდ არ გამოხატეს შეშფოთება და აღშფოთება იმის თაობაზე, რომ ზეინკლებად, ელექტროშემდუღებლებად და მატარებლის მემანქანეებას საერთოდ არ მუშაობენ ქალები. მარჯვედ აუარეს გვერდი იმ საკითხს, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ქალებს შორის ცალკე იმართება და კაცებს შორის - ცალკე. სამაგიეროდ, გააკრიტიკეს ირაკლი ოქრუაშვილი იმის გამო, რომ ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ახსენებს თეო ტლაშაძეს.

 

ედუარდ კოკოითმა ახსენა სიტყვა “ურთიერთობა” და ლეიბორისტები მაშინვე ფინთი გოიმებივით ავარდნენ. “ლეიბორისტული პარტია” მზად არის დიალოგის რეჟიმში ურთიერთობებისთვის როგორც თბილისში, ასევე ცხინვალში და ასევე სოხუმში” - მოგეხსენებათ, ლეიბორისტებს რამდენიმე ათასი მდივანი ჰყავთ, მაგრამ ეს განცხადება საერთაშორისო მდივანმა, ნესტან კირთაძემ გააკეთა. თავის მხრივ, “ნინა წკრიალაშვილის მოყვარულთა კლუბში” ბევრი ნაციონალია გაერთიანებული, მაგრამ კოკოითი-კირთაძის ტრფობაზე შეშფოთება მხოლოდ კობა ხაბაზმა გამოხატა.

 

მგონი, ჯერჯერობით, ასე თუ ისე, ვიცავ გენდერულ ბალანსს. თოფაძე, სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ხაბაზი და კარლსონი – ერთი მხრივ, ხოლო ბურჯანაძე, გაფრინდაშვილი, ტლაშაძე და წკრიალაშვილი – მეორე მხრივ.

იქვე, ბარემ, სრული ბალანსისთვის, “თავისუფალი აზრის სახლი” და მისი ხელხმლიანი და ხელთასიანი ლიდერი, ბაკურ ბაკურაძე: “ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კონსტიტუცია არ წარმოადგენს საყოველთაო შეთანხმების შედეგად მიღებულ საბაზისო დოკუმენტს”.

 

მაინც რამდენს ნიშნავს, როცა გაქვს სახლი, გიტრიალებს აზრი და ხარ თავისუფალი. სხვათა შორის, სახლებთან დაკავშირებით საინტერესო ინიციატივით გამოვიდა ნესტან კირთაძე - თბილისში შეიქმნას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი, სადაც შედგება ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგები. საინტერესო ინიციატივაა... თან, უკვე გვაქვს სახლის შავი კარკასი და საჭიროა რემონტი. ვფიქრობ, რემონტის გაკეთება ლეიბორისტებს უნდა დაევალოთ, რადგან ამ მხრივ ბოლო დროს მათ უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს.

 

სახლი და ბინა ცუდი არ არის, მაგრამ ოთახების და ტიხრების საკითხია მოუგვარებელი – რა მასალით უნდა გაკეთდეს, იყოს თუ არა გამავალი კარებები, შესაძლოა, ჯობდეს ფარდა, მაგრამ ფარდა ნაჭრის უნდა იყოს თუ რკინის? მოკლედ, საქმე არის რთულად და ვერ მარტივდება. თან, ოჯახის უფროსის საკითხიც არ არის მოგვარებული.

 

“რომ გვქონდეს ისეთი გეოგრაფია, როგორიც აქვს ახალ ზელანდიას, კიდევ შეიძლება, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტის ნიველირება მოვახდინოთ” - თქვა მიშამ და დასძინა: “იყო რჩევები, რომ პრეზიდენტს ისეთივე ფუნქცია ჰქონოდა, როგორც ინგლისის დედოფალს, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელია”.

 

საქართველო რომ ახალი ზელანდია იყოს და მიშა ინგლისის დედოფალი, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა, მაგრამ ეგრე არ არის და არც ღირს მაგაზე ლაპარაკი.

 

მიშა რომ ინგლისის დედოფალი იყოს, სულ სკანდალებში იქნებოდა. ახლა კი, თვე ისე გაივლის, ვერაფრეს გაიგონებ. ისევ საკუთარ თავზე თუ არ იხუმრა, მასზე არავინ ხუმრობს. ნიუსიც კი იყო შესაბამისი - “მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავზე ანეკდოტს ჰყვება”. ”ჩემზე ანეკდოტები დადის, თითქოს სააკაშვილმა ვიღაცას ჩაუქროლა, მას ფილტვების ანთება დაემართა”, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დინამიური და მობილური მთავრობა ჰყავს და მათ შორის ყველაზე რეაქტიული მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილია”.

 

მთავრობა მართლაც მობილურია, დღეს ლოპოტას ტბაზე არიან, ხვალ გონიოში, ზეგ ყვარლის ტბაზე ან ბაზალეთზე და ა.შ. ნიკოლაიშვილი რეაქტიულია, ვერა ქობალია ინჟექტორზე მუშაობს, ხოლო კობა სუბელიანს ტურბოდიზელი უყენია. “მუდმივად გადავადგილდებით. ტყეშელაშვილი ხან აქ არის, ხან იქ, უგულავა მუდმივად ხან ბენზინგასამართ სადგურზე დგას და ხან პურს აცხობს” - ესეც პრეზიდენტის სიტყვებია.

 

თბილისში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ აღარ ჩამოვა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ძაან ბევრი მოითხოვესო, მაგრამ რად გვინდა ამერიკის ორკესტრი, როცა ასეთი მთავრობა და ასეთი მერი გვყავს? მიშა იქნება დირიჟორი, ნინო კალანდაძე და ვერა ქობალია კლარნეტებზე დაუკრავენ, მალაშხია ჩაბერავს, ნუგზარ წიკლაური შემოკრავს და თუ გიგი უგულავასაც დარჩება თავისუფალი დრო, დაგვიკრავს ვიოლინოზე. ფული დაიზოგება, ქვეყანა აშენდება.

 

ქვეყანა ისედაც შენდება. იყო პატარა შეფერხება - ”National Geographic”-ის ვებ-გვერდზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსის მქონე სუბიექტებად იყვნენ მოხსენიებულნი, მაგრამ შოთა მალაშხიას ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. სიმართლე გითხრათ, მალაშხიას კომისია იმისთვის არსებობს, ვებ-გვერდებზე შეცდომები რომ გაასწოროს. ამიტომ, წინადადება შემომაქვს აღნიშნულ კომისიას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს “ინტერნეტ სივრცეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია”.

 

საერთოდ, ძალიან უინტერესო კვირა იყო. სულ დაიკარგნენ ჯონდი ბაღათურია და ნუგზარ წიკლაური, ზაზა გაბუნია და გოკა გაბაშვილი, რა ხანია არც გიორგი ბარამიძე ჩამოსულა საქართველოში სამუშაო ვიზიტით. ერთადერთი, ლეიბორისტები გააქტიურდნენ და რაღაც-რაღაცეები მოითხოვეს. მაგალითად, “ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებისგან საქართველოს რეგიონების მოსახლეობის შეშით მომარაგებას ითხოვს. ეს წინადადება პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა გაახმოვანა. უცხო ქვეყნის რეგიონების მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხზე ალბათ ნესტან კირთაძე ისაუბრებს, რომელიც, როგორც იცით, არის საერთაშორისო მდივანი.

 

გვამხიარულეს ლეიბორისტებმა.

 

მართლაც, ძალიან უინტერესო კვირა იყო, ეს პრეზიდენტმაც შენიშნა და შეეცადა კახელები გაემხიარულებინა. მიშამ კახელებს ასეთი ამბავი მოუყვა: “საქართველოში ჩამოიყვანეს ბაგრატიონების შთამომავალი დავით ბაგრატიონი, რომელიც მეფედ უნდა ეკურთხებინათ. მას მეგობარი ჰყავდა, რომელიც რაღაც საცირკო ნომრის მსგავსს აკეთებდა, მაგიდაზე ადიოდა ჭიქას, ბოთლს თავზე იდგამდა და არ უვარდებოდა. ერთხელაც დავით ბაგრატიონმა კახეთში წაიყვანა, იქეიფეს, და, ასეთი შემოდგმის დროს, ჭიქა გაუტყდა, სახე დაუზიანდა. კახეთიდან წამოსულები თელავში პატრულმა გააჩერა. პატრულმა სთხოვა ეთქვა ვინ სცემა. დავით ბაგრატიონის მეგობრის მოყოლილი არ დაიჯერეს  და კიდევ სთხოვეს ეთქვა ვინ სცემა, ამ დროს კი, დავით ბაგრატიონმა, რომელიც გვერდზე ეჯდა პატრულს უთხრა, რომ მე თქვენი მეფე ვარო”.

 

ძალიან უინტერესო კვირა იყო და ძალიან ტრაგიკულიც – ავღანეთი, ბიჭები... არც სახალხო-წარმომადგენლობით კრება დარჩა მხიარული და დარწმუნებული ვარ იმ კახელ გლეხებსაც უფრო მძიმედ დააწვათ გულზე ლოდი, როდესაც სააკაშვილს უსმენდნენ.

 

დაახლოებით ვხვდები, რასაც ფიქრობდნენ იმ წუთებში კახელები და ახლაღა ვხვდები, რომ ქართველებს ერთიანობა ფიქრებშიც კი გვმართებს.

 

.. (ხშირად მოიწერეთ) ღრმად პატივცემულო ჯენტლმენებო! ხშირად მოიწერეთ, ადამიანს ისე არაფერი უხდება, როგორც მეგობრული მიწერ-მოწერა. თუ ამ თქვენს წერილში იყო რაიმე განსაკუთრებული აზრი, ხელახლა მომწერეთ და განმიმარტეთ, ნუ მოგერიდებათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ჭიკჭიკს.

(მარკ ტვენი, “როგორ ვმსახურობდი სენატორის მდივნად”)