საგარეო უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

საგარეო უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უახლოეს ხანში შედგება.

მისივე თქმით, ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მასზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ვიზიტის თარიღი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარდგენაზეც არის დამოკიდებული.

„ეს იქნება უმაღლესი დონის ვიზიტი და შესაბამისად, ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ ველოდებით უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას და უკვე ამის შემდეგ, შეგვიძლია დავგეგმოთ ვიზიტი“, - განაცხადა კერესელიძემ.

როგორც სპიკერმა აღნიშნა, პრემიერის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

„27 ნოემბერს უკრაინაში პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა, რომელსაც ქართული მხრიდან მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წიანააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ამ კონსულტაციბის და სხვა სამუშაოების შედეგია, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდება. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ“, - განაცხადა კერესელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და მათ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს.