გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა ლაფანყურთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება

გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა ლაფანყურთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოსთვის გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების ყოფილი უმაღლესი პირების მიერ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული წევრების რაოდენობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს მიერ სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის ანგარიშის ნაწილს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს.

ანგარიშის მოსამზადებლად საბჭომ 14 პირი გამოჰკითხა. ამასთან, საბჭოს წევრების თქმით, ანგარიშის მომზადებისას მათთან არ ითანამშრომლა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ.

"იმ დროს, როდესაც შსს-ს უმაღლესი პირები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავარაუდოდ ცნობილი იყო, რომ ჯგუფის წევრების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ "აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ჯგუფის დაღუპული წევრების რაოდენობასთან დაკავშირებითაც".

საზოგადოებრივი საბჭოს მიერ შეკრებილი მასალების მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფის შვიდი დაღუპულიდან ხუთი: ასლან მარგოშვილი, დუკვახა დოშუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, სალამ ზაურბეკოვი და ჯაბრაილ ხაშიევი ოფიციალურად 2012 წლის 28-29 აგვისტოს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ: "რუსეთის მოქალაქე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი საქართველოში 2012 წლის 1-ელ ივლისს შემოვიდა, ხოლო 2012 წლის 3 ივლისს ქვეყანა ყაზბეგის გამშვები პუნქტით დატოვა... რუსეთის მოქალაქე დუკვახა დოშუევს 2010-2012 წლებში საქართველოს საზღვარი არაერთხელ აქვს გადმოკვეთილი. ოფიციალური ინფორმაციით, მან საქართველო 2012 წლის 2 ივლისს სარფის გავლით დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე სალამ ზაურბეკოვსაც საქართველო სპეცოპერაციამდე აქვს დატოვებული. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოდან სპეცოპერაციამდე იყო წასული რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ჯაბრაილ ხაშიევი, რომელმაც მანამდე, 2012 წლის ზაფხულში, არაერთხელ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ბაჰაუდინ ქავთარაშვილი საერთოდ არ გასულა საქართველოდან (შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიიდან ის საზღვარს ვერ გადმოკვეთდა). საინტერესოა, საქართველოს მოქალაქე ასლან მარგოშვილის შემთხვევა. ანგარიშში მოყვანილია ასლანის მამის, მერაბ მარგოშვილის განმარტება, რომლის თანახმად, მისი შვილი 2011 წლის სექტემბერში საქართველოდან ფინეთში წავიდა, ხოლო თვე-ნახევრის შემდეგ სლოვაკეთში გადავიდა. მერაბ მარგოშვილი აცხადებს, რომ 2011-დან 2012 წლის აგვისტომდე ასლან მარგოშვილი ოჯახის წევრებს უკავშირდებოდა ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა და ასევე მობილური ტელეფონით უცხოური ნომრიდან და მათ ის კვლავ სლოვაკეთში ეგონათ. "2012 წელს, სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, მერაბ მარგოშვილისთვის გახდა ცნობილი, რომ ასლან მარგოშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა 2012 წლის 13 მარტს. მოგვიანებით, მან სამინისტროში ნაცნობებისგან გაიგო, რომ სასაზღვრო პოლიციას წაშლილი აქვს მონაცემები და ასლან მარგოშვილის საქართველოში შემოსვლის თარიღი და სასაზღვრო მონაკვეთი, საიდანაც ის შემოვიდა, აღარ ფიქსირდება. ოჯახის წევრების განცხადებით, განადგურებულია ასლან მარგოშვილის მონაცემები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ის სამშენებლო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში, საიდანაც ასევე ვიგებთ: "ომბუდსმენის აპარატს მიაწოდეს გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის სახელზე შსს-ს მიერ 2012 წლის 23 ივლისს გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, "სტეჩკინის" სისტემის იარაღის შენახვის უფლებით, რაც ოჯახის წევრებში ასევე ბადებს შეკითხვებს".

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა. 2012 წლის 28 აგვისტოს კი ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო დივერსიული ჯგუფი. შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედიოდნენ: იმჟამად შს მინისტრი ბაჩო ახალაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. შტაბს ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ: შსს-ს თანამშრომლები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. ამავე ინფორმაციით, დაჯგუფების 11 წევრი ლიკვიდირებული იყო. თუმცა, ანგარიშის თანახმად, საბჭოს შსს-მ 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის წერილებით აცნობა, რომ სინამდვილეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა დაჯგუფების 7 წევრი.