ოჯახური ძალადობის დასამარცხებლად საჭიროა საზოგადოებაში სწორედ მენტალიტეტისა და დამოკიდებულების შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", მთავარი პროკურატურის ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, ეს არის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც საზოგადოების თითოეული წევრი უნდა გაერთიანდეს.
"უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველო აქტიურად ახდენს თავისი ძალების მობილიზებას ოჯახური ძალადობის ფაქტებთან საბრძოლველად. ბოლო პერიოდში აშკარად იგრძნობა მზარდი ყურადღება და დისკუსიები სწორედ ამ საკითხისებისადმი მიმართული. ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც შეიძლება ამ საკითხზე იყოს კონცენტრირებული, პირველ რიგში, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ახლა უკვე ამ კუთხით პროკურატურაც გააქტიურდა. ეს არის ნიშანი, რომ საზოგადოება ერთიანდება იმის ხაზგასასმელად, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები აბსოლუტურად მიუღებელია და არავითარ შემთხვევაში არ დარჩება რეაგირების გარეშე. აუცილებელია, სწორედ მენტალიტეტის, დამოკიდებულების შეცვლა საზოგადოებაში", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
რიჩარდ ნორლანდის თქმით, აღნიშნული პრობლემა გლობალური მასშტაბისაა და ამერიკასაც აწუხებს.
"ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასითებელი. ეს არის გლობალური ფენომენი, რასაც ამერიკაშიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ათწლეულები დაგვჭირდა, რომ დაგვეწყო ამაზე რეაგირება - დაგვეწყო მაგალითად პოლიციელების მომზადება ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის დანაშაული და არ არის მხოლოდ საოჯახო საკითხი, რომელშიც პოლიცია არ უნდა ჩაერიოს. ოჯახური ძალადობა არის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ბევრი მხარის მონაწილეობას საჭიროებს - მთელი საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო, რათა ქალებმა იგრძნონ თავი დაცულად და იყვნენ თანასწორნი", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.