ლია მუხაშავრია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას სტრასბურგში გაასაჩივრებს

ლია მუხაშავრია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას სტრასბურგში გაასაჩივრებს

იურისტი ლია მუხაშავრია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ლია მუხაშავრიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სახელმწიფოს ნება ძალიან კარგად გამოიკვეთა - სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც სახელმწიფოს ნება ამ საკითხთან მიმართებაში იდენტურია.

ლია მუხაშავრია განმარტავს, რომ მსგავსი კანონი მოლდოველმა უფლებადამცველმა იურისტებმა ევროსასამართლოში გაასაჩივრეს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმე - "იორდაჩი და სხვები მოლდოვას წინააღმდეგ" სასამართლომ პრიორიტეტულად ცნო და მოკლე ვადაში, ორ წელიწადში გადაწყვიტა. მოქმედი კანონი ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების) დარღვევად ცნო. 
"ჩვენ გვინდა გავასაჩივროთ კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს შსს-ს, ყოველგვარი სასამართლო კონტროლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტპექტორის მონაწილეობისა და ჩარევის გარეშე მოუსმინოს ყველას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ეს ეხება როგორც კანონმდებლობას, ისევე იმ პრაქტიკას, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარე არსებობს", - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ადვოკატს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი და სრულიად კონფიდენციალური კომუნიკაცია კლიენტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ლია მუხაშავრიას პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეუძლებლად მიაჩნია.

"მაგალითად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მტკიცებულებების მოპოვება სასამართლომ დაადგინა ფარული მოსმენით. თუ ეს ადამიანი ჩემი კლიენტია, მიკავშირდება ტელეფონით, ბუნებრივია, მეც მისმენენ, რადგან ტელეფონში ორმხრივია საუბარი. დადგენილი ევროსტანდარტით, ჩემს კლიენტზე ფარული მოსმენის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ორგანო ვალდებულია, წერილობით მაცნობოს, რომ დასრულდა ოპერატული ღონისძიება ამა და ამ პირის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ამა და ამ დროს და საუბრის ჩემი ნაწილი განადგურებულია. ასეთი პრაქტიკა საქართველოში არასდროს ყოფილა და არც ახლანდელი ცვლილებები მოიტანს. მე უფლება მერღვევა, მქონდეს შეუზღუდავი და სრულიად კონფიდენციალური კომუნიკაცია ჩემს კლიენტთან", - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

მისივე ინფორმაციით, სარჩელს ევროსასამართოლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. ამასთან, ლია მუხაშავრია ადვოკატებსა და უფლებადამცველებს მიმართავს, მზად არის, ვინც მას შეუერთდება, კანონმდებლობა ყველასთან ერთად გაასაჩივროს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი გუშინვე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.