საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. უწყებამ საკუთარი ხედვა დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ კონფერენციაზე წარმოადგინა.
კონფერენცია მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა. როგორც მან განაცხადა, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ხედვის ჩამოყალიბებას წინ პრობლემის სიღრმისეული ანალიზი უძღოდა.
"ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავ უწყებასთან ერთად გაერთიანდანენ სხვა სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რამეთუ ოჯახური დანაშაული პრევენცია და მასთან ბრძოლა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე. თითოეული ჩვენგანი უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ",-აღნიშნა ბადაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ოჯახური დანაშაული საზოგადოების, სამართალდამცავი ორგანოების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორიო და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ გამოწვევად იქცა.
"ხშირად ისმის მოსაზრებები ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების შესახებ. საზოგადოების ნაწილი ოჯახური ძალადობის მთავარ მიზეზად წარმოაჩენს სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ მუშაობას, ხოლო მეორე ნაწილი პრევენციული ღონისძიების აქტიურად გამოყენების და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული აზრი იმის შესახებ, რომ ოჯახური კონფლიქტი ოჯახში უნდა დარჩეს, ოჯახში უნდა მოგვარდეს, არ უნდა გასცდეს მის ფარგლებს და მიუღებელია ამგვარ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვა. ეს ცალსახად არის არასწორი მოსაზრება და დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემის მიმართ. ჩვენი მიზანია საზოგადოების ამგვარი ცნობიერების შეცვლა. ამ მიზნით ჩვენთან ერთად თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებაში", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მთავარი პროკურორის აზრით, მოძალადეთა მიმართ მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არ იქნება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გამოსავალი.
"მოძალადეთა მიმართ მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება, ჩვენი აზრით, არ იქნება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გამოსავალი. ოჯახური დანაშაულის თითოეული ფაქტი სიღრმისეულ გამოკვლევას და შესწავლას საჭიროებს. უმჯობესია, პირველ რიგში დროულად მოვახდინოთ პრევენციული ღონისძიების გატარება, რომ არ დავაზიანოთ ოჯახის ინტერესები. სწორედ ამიტომ საქართველოს პროკურატურაში განვახორციელეთ ოჯახური დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების სიღრმისეული შესწავლა, ჩავატარეთ უპორეცენდენტო ანალიზი. ჩვენ გავაანაზილეთ წლების განმავლობაში განხორციელებული 3 ათასამდე ძალადობის ფაქტი. გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიცირება. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, მსხვერპლთა და მოძალადეთა მახასიათებელი ნიშან-თვისებები, რაც მნიშვნელოვანია. ასევე სხვა გარემოებები", აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში პროკურატურა შესაბამის სამუშაოებს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებდა.