საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, რომელიც 2013 წლის 23 ოქტომბერს შეიქმნა, 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე ანგარიში მოამზადა.
ანგარიშიდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გაზეთი "კვირის პალიტრა" დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.
ანგარიშის მოსამზადებლად საბჭომ 14 პირი გამოჰკითხა. საბჭოს წევრების თქმით, ანგარიშის მომზადებისას მათთან არ ითანამშრომლა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ.
"იმ დროს, როდესაც შსს-ს უმაღლესი პირები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავარაუდოდ ცნობილი იყო, რომ ჯგუფის წევრების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ "აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ჯგუფის დაღუპული წევრების რაოდენობასთან დაკავშირებითაც".
ანგარიშის თანახმად, პროკურატურისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ დაღუპული პირების (როგორც დაჯგუფების წევრების, ისე ქართველი პოლიციელებისა თუ სამხედრო ექიმის) ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
ანგარიშის თანახმად, დაღუპული პოლიციელის, არჩილ ჩოხელის დის, ხათუნა ჩოხელის განცხადებით, 2012 წლის 30 აგვისტოს ოჯახს აცნობეს, რომ მისი ძმის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იყო გადასვენებული, თუმცა, ხათუნა ჩოხელის ვაჟს ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, რომ არჩილ ჩოხელის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
დოკუმენტში საუბარია დაღუპული სამხედრო ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის მშობლებისთვის გადაცემულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალება მრავლობითმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა, მშობლების განცხადებით, ხვედელიძეს მხოლოდ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულში.
საზოგადოებრივი საბჭო სამართალდამცველებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდათ ცხედრებს ექსპერტიზა.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2014 წლის 16 მაისს სპეცოპერაციის ადგილის დასათვალიერებლად ლოპოტის ხეობაში ომბუდსმენი და მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. "უშუალოდ ფერდობზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, კვლავაც არის მრავალი ნივთმტკიცება, რომლებიც შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ყოფნასა და ბრძოლის კვალს ადასტურებს. ხეების ძირში ყრია დიდი ოდენობით გასროლილი ტყვიის მასრები... იმავე ადგილებში იქნა ნაპოვნი ასევე გამოუყენებელი ტყვიებიც, კბილის ჯაგრისები, შოკოლადისა და სხვა საკვების შეფუთვის ქაღალდები, მათ შორის არაბული წარწერებით", - ვკითხულობთ ანგარიშში.
საზოგადოებრივი საბჭოს მიერ შეკრებილი მასალების მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფის შვიდი დაღუპულიდან ხუთი: ასლან მარგოშვილი, დუკვახა დოშუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, სალამ ზაურბეკოვი და ჯაბრაილ ხაშიევი ოფიციალურად 2012 წლის 28-29 აგვისტოს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ: "რუსეთის მოქალაქე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი საქართველოში 2012 წლის 1-ელ ივლისს შემოვიდა, ხოლო 2012 წლის 3 ივლისს ქვეყანა ყაზბეგის გამშვები პუნქტით დატოვა. რუსეთის მოქალაქე დუკვახა დოშუევს 2010-2012 წლებში საქართველოს საზღვარი არაერთხელ აქვს გადმოკვეთილი. ოფიციალური ინფორმაციით, მან საქართველო 2012 წლის 2 ივლისს სარფის გავლით დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე სალამ ზაურბეკოვსაც საქართველო სპეცოპერაციამდე აქვს დატოვებული. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოდან სპეცოპერაციამდე იყო წასული რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ჯაბრაილ ხაშიევი, რომელმაც მანამდე, 2012 წლის ზაფხულში, არაერთხელ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი".
ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ბაჰაუდინ ქავთარაშვილი საერთოდ არ გასულა საქართველოდან (შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიიდან ის საზღვარს ვერ გადმოკვეთდა). საინტერესოა, საქართველოს მოქალაქე ასლან მარგოშვილის შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა. 2012 წლის 28 აგვისტოს კი ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო დივერსიული ჯგუფი. შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედიოდნენ: იმჟამად შს მინისტრი ბაჩო ახალაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. შტაბს ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ: შსს-ს თანამშრომლები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. ამავე ინფორმაციით, დაჯგუფების 11 წევრი ლიკვიდირებული იყო. თუმცა, ანგარიშის თანახმად, საბჭოს შსს-მ 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის წერილებით აცნობა, რომ სინამდვილეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა დაჯგუფების 7 წევრი.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭოს მიერ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე ანგარიშის ნაწილს "კვირის პალიტრა" ავრცელებს.