საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტი დაგეგმილია და ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
კერესელიძის თქმით, ვიზიტის თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა სპიკერი ვარაუდობს, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.
მისივე თქმით, ვიზიტის თარიღი დამოკიდებულია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარდგენაზეც.
"თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა. ეს იქნება უმაღლესი დონის ვიზიტი და შესაბამისად ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად. ასევე ჩვენ ველოდებით უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასაც და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, დავსახოთ ვიზიტი", - განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობას.
"27 ნოემბერს უკრაინაში ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან უხელმძღვანელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ორი ქვეყნის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო აქტიური და კოორდინირებული, როგორც ევროინტეგრაციის, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ამ კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შედეგია ის, რომ უახლოეს ხანებში განხორციელება საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში. ეს ვიზიტი იქნება წარმომადგენლობითი და მასში მონაწილეობას სხვა მინისტრებიც მიიღებენ. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გარღმავებას და თანამშრომლობას", - განაცხადა კერესელიძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს.