სასამართლოს გზით იქნება, საკანონმდებლო ცვლილებების თუ ახალი მოდელების მოფიქრების, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დაძლევის კომენტირებისას განაცხადა.
უსუფაშვილისთვის უცნობია, იგეგმება თუ არა კანონის გასაჩივრება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა აცხადებს, რომ დღევანდელი დღით სამუშაო პროცესი არ სრულდება.
"ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობის ერთი კონკრეტული ეტაპი დასრულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ ასე მოგვარდა და ასე იქნება მთელი ცხოვრება. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი თვითონ ამ კანონით გათვალისწინებული მექანიზმების შესაქმნელად. ბევრი რამ, რაც ახალ კანონებში წერია, არის წინგადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მეტი შეიძლებოდა, ამის რეალური შესაძლებლობაც იყო, მოდელის თვალსაზრისით, მაგრამ, მოდით, ვიყოთ რეალისტები და ის განვამტკიცოთ, რაც მოპოვებულია და გავაგრძელოთ მუშაობა, მცელობა ყველა კანონიერი საშუალებით, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. თუ ვინმე საკონსტიტუციო სასამართლოში წაღების მოტივს თუ სამართლებრივ საფუძველს ნახავს, პარლამენტი ჩაებმება ამ პროცესში. მე არ ვიცი, კონკრეტულად რაზეა საუბარი და ვერ გავუსწრებ მოვლენებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეტანას მკაფიო სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება და მე ვერაფერს გეტყვით ამის თაობაზე. მე სხვა პროექტს ვუჭერდი მხარს და ახლა სხვა გახდა კანონი, უნდა შევეგუოთ ამას. მარცხთან შეგუებასაც ძალიან დიდი უნარები სჭირდება _ შეგუებას არა იმიტომ, რომ მორჩა და დამთავრდა, არამედ იმას, როგორ გავაგრძელოთ გაუმჯობესებისთვის ბრძოლა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში ძალიან ბევრი საინტერესო თემა გამოიკვეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მთავრობა და პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ რეფორმირებას შეძლებენ.
"ამიტომ ნუ შევხედავთ ცალმხრივად, რომ თუ შსს-დან არ გავიდა რაღაც სტრუქტურა, ამითი გარანტირებულად ცუდი რამეები მოხდება. მე მგონი ჩვენ – მთავრობა, პარლამენტი – შევძლებთ, ამ უწყებაში იმ ტიპის საჭირო რეფორმების გატარებას, რომელიც, ერთის მხრივ, იქნება ევროპული გზის გაგრძელება და მეორეს მხრივ, შეამცირებს იმ უნდობლობის ხარისხს, რომელზეც დღეს გვაქვს საუბარი. ასე რომ, პროცესი გრძელდება, არაფერი დამთავრებულა, არ გადაჩეხილა უფსკრულში, არაფერი იქნება იმაზე უარესად, ვიდრე იყო 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 1 წლის წინ. ყველაფერი იქნება იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო უწინ, ჯერ ვერ იქნება უმაღლეს დონეზე. ამ კონკრეტული მიმართულებით უზარმაზარი ცვლილებებია, წინგადადგმული ნაბიჯებია. ეს დავინახოთ, უკეთესი რომ გვინდოდა და არ გამოგვივიდა, ამაზე ტირილი, ვიშვიში და ერთმანეთზე შელეწვა, არ არის სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომა. სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც მოვიპოვეთ, ის გავამაგროთ, გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა. ეს სასასამართლოს გზით იქნება, საკანონმდებლო ცვლილებების გზით იქნება თუ ახალი მოდელების მოფიქრების გზით იქნება, უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას შესთავაზა, დაივიწყონ ემოციური ფონი, ის, რაც შეიძლება ერთმანეთს აწყენინეს და გააგრძელონ მუშაობა.