პრეზიდენტმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი იქმნებოდა

პრეზიდენტმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი იქმნებოდა

პრეზიდენტმა ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ მოსმენების ლეგალურ განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი იქმნებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი მთლიანობაში მიესალმება საქართველოს პარლამენტში დღეს განხორციელებულ პროცესებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი. პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების უზრუნველყოფითი პირი, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაძლია ვეტო, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დაყოვნების გარეშე მოაწერა ხელი ამ კანონს. გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი იქმნებოდა მოსმენების ლეგალურ განხორციელებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ მხრივ იყო პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება მიზანშეწონილი. საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა იმ კანონების პრინციპებს და სულისკვეთებას, რომელიც იქნა მიღებული პარლამენტში, ვინაიდან მას მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გამოიყენა ვეტოს მექანიზმი და პარლამენტმა დაძლია ეს ვეტო, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა იხელმძღვანელა ტექნიკური ხელმოწერის პრინციპით, ვინაიდან თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა, ისედაც მოაწერდა პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა დავით პატარაიამ.

პატარაია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ პრინციპებს უღალატა და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი კონცეფციის გასატანად, თუმცა, მას შემდეგ, რაც ყველა კონსტიტუციური მექანიზმი ამოწურა, სახელმწიფო ორგანოთა ნორმალურ ფუნქციონირებას პრობლემები რომ არ შექმნოდა, კანონს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები არ ჰქონია.