თურქეთში ვიზიტით მყოფი რომის პაპი ფრანცისკი მოწოდებით გამოვიდა, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 1054 წლიდან არსებული განხეთქილება დასრულდეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
პაპმა მონაწილეობა მიიღო სტამბულში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღსრულებულ ლიტურგიაში, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღავლინა.
პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა შეშფოთება გამოხატეს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნის გამო და გამოვიდნენ მოწოდებით, დამყარდეს მშვიდობა უკრაინაში.
"ერთადერთი, რაც კათოლიკურ ეკლესიას სურს და რასაც მე ვეძებ, როგორც ამ ეკლესიის მეთაური, ეს არის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირი", - განაცხადა პაპმა.
მისი თქმით, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის კავშირის არსებობა აქტუალური ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო გახდა, სადაც ქრისტიანებს დევნიან. "კონფლიქტის მსხვერპლთა გამო დაღვრილი ცრემლი მოგვიწოდებს ვიჩქაროთ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის შერიგების გზაზე. როგორ შევასრულებთ მშვიდობის შესახებ ქრისტეს მოწოდებას, თუკი ჩვენს შორის კვლავაც უთანხმოებაა?", - განაცხადა რომის პაპმა.