შეიარაღებული ძალების რიცხოვნობზე გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის ნაცვლად დადგენილებით მიიღებს

შეიარაღებული ძალების რიცხოვნობზე გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის ნაცვლად დადგენილებით მიიღებს

შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას პარლამენტი კანონის ნაცვლად დადგენილებით დაამტკიცებს.

სამხედრო ძალთა რაოდენობას პარლამენტს კვლავ ეროვნული უშიშროების საბჭო და მისი ხელმძღვანელი – პრეზიდენტი წარუდგენს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კანონის ფორმით აღარ მოხდება.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვა კი, გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე განხორციელდა.

კანონპროექტის ინიცირების მთავარ მოტივაციას ის გარემოება წარმოადგენს, რომ 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტში საკანონმდებლო პროექტის წარდგენის უფლებამოსილება აღარ გააჩნია. ამიტომ სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება პარლამენტის დადგენილებით მოხდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება დაუპირისპირა, თუმცა უმცირესობის შეთავაზება პარლამენტმა "ჩააგდო".

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, იმის გამო, რომ პრეზიდენტს პარლამენტისთვის კანონპროექტის წარდგენის უფლება არ აქვს, არ შეიძლება საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დაკნინდეს და შეირაღებული ძალების რიცხოვნობა კანონის ნაცვლად, პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდეს. ამ კონტექსტში ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ისიც აღინიშნა, რომ პარლამენტმა შეიძლება საკუთარი გადაწყვეტილებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ წარდგენილი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა შეამციროს, ხოლო შემცირებული რიცხოვნობის დადგენილებით დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს და კანონპროექტისგან განსხვავებით, დადგენილებაზე ვეტოს უფლებას ვერ გამოიყენებს.

საკითხის განხილვისას "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა წინადადებით, რომ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის დამტკიცების შესახებ კანონპროექტის ინიცირება, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინების შემდეგ მთავრობამ ან პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა განახორციელოს.

მათ ალტერნატიულ პროექტს მხარი არ დაუჭირეს და დღევანდელ კენჭისყრაზე შედეგით – 2 მომხრე, 65 – წინააღმდეგი ჩააგდეს.