"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა სუბელიანის განცხადებით, მისი ხმის დაფიქსირება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში ტექნიკური ხარვეზი იყო . ამის შესახებ კობა სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"სისტემამ გაჭედა და დაფიქსირდა ჩემი ხმა. მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ხმა უკან გამოვიწვიე", - განმარტა სუბელიანმა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვეტოს დაძლევას ხმა რეალურად 82-მა კი არა, 81-მა დეპუტატმა მისცა.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კიდევ ერთი ხმა დაფიქსირდა. საუბარია დეპუტატ სამველ პეტროსიანზე.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პეტროსიანზე ზეწოლა განხორციელდა და აქედან გამომდინარე მისცა მან ხმა ვეტოს დაძლევას. "მასზე ზეწოლა ხდებოდა შსს-დან. თუ ის არ მისცემდა ხმას, მას და მის ოჯახს დასჯიდნენ", -განაცხადა გაბაშვილმა.