პარლამენტმა პრეზიდენტის საკანონმდებლო შეთავაზებები

პარლამენტმა პრეზიდენტის საკანონმდებლო შეთავაზებები "ჩააგდო"

პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.

გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო შეთავაზებების წინააღმდეგ ხმა 77 დეპუტატმა მისცა, მხარი კი, ცხრამ დაუჭირა. კენჭისყრაზე სულ სამი პროექტი დადგა.

ამ წუთებში კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია: – ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი გადის. ამჯერად მის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი – სულ მცირე 76 ხმაა საჭირო, რითაც პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო და პარლამენტს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფარულ-მოსმენებზე წვდომის ე.წ. ორდონიანი სისტემა ძალაში რჩება.

კერძოდ, პრეზიდენტის ვარიანტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების და შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, თუმცა, ამას სასამართლოს ელექტრონული თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებს. პრეზიდენტის პროექტით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესის მხოლოდ გარე კონტროლის ინსტიტუტს წარმოადგენს.