ქართველები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული რკინიგზის აღდგენით

ქართველები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული რკინიგზის აღდგენით

ქართველები პირველ რიგში, თავად უნდა იყვნენ აფხაზეთის რკინიგზის საკითხით დაინტერესებულები, მაგრამ მათ მიერ ვითარება ჯერ ობიექტურად არ არის აღქმული. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ტელეარხ "როსია 1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც რიწის ტბის პირას ჩაიწერა.

როგორც ინტერვიუში ხაჯიმბა აცხადებს, ამ ტბაზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები აფხაზებთან ერთად წვრთნებს გადიან და ადასტურებს, რომ ყველაფერ ისე არ არის, "როგორც ამას არაკეთილისმსურველი სახელმწიფო" აცხადებს, არამედ ყველა ბრძანებას გაერთიანებული რუსულ-აფხაზური ძალების აფხაზური სარდლობა იძლევა.

აფხაზეთის რკინიგზაზე საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის, თუ არა ხაჯიმბა ქართველებს ესაუბროს, ე.წ. პრეზიდენტმა უპასუხა: "ვფიქრობ, რომ ქართველები, პირველ რიგში, თავად უნდა იყვნენ ამ საკითხში დაინტერესებულები, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა განცხადებებს ვისმენ რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მათგან ჯერ კიდევ ობიექტურად არ არის აღქმული არსებული ვითარება".

რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ამას საქართველოს მხრიდან მოყვება აგრესიული პასუხი და გახდება თუ არა ეს აფხაზეთის მხრიდან მობილიზაციის საფუძველი? - ხაჯიმბამ უპასუხა, რომ დიდი ხანია მობილიზებულები არიან და რაც მოისმინეს ქართული მხრიდან, მათთვის ახალი არაა. "აფხაზეთი გაცილებით თავდაჯერებულია რუსეთთან ხელმოწერილი ახალი შეთანხმებით", - აღნიშნა ხაჯიმბამ.