ჯობდა, ზაქარია ქუცნაშვილს სულხან-საბა ორბელიანის

ჯობდა, ზაქარია ქუცნაშვილს სულხან-საბა ორბელიანის "კუ და მორიელი" აეტანა პრეზიდენტისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, სჯობდა, ზაქარია ქუცნაშვილს სულხან-საბა ორბელიანის "კუ და მორიელი" აეტანა პრეზიდენტისთვის.

ამის შესახებ მეჭიაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა იმის გამო გადაწყვიტა, რომ იყო მცდელობა, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერენ და ნდობას უცხადებენ მთავრობას, წარმოჩენილიყვნენ როგორც ბნელი ძალები.

"ამ ორ აზრს შორის პრინციპულად არის მხოლოდ ერთი განსხვავება – ის, რომ ქალბატონი ბესელიას ვარიანტით პროცესში აქტიურად მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო დანარჩენ ვარიანტებში არის მცდელობა, აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა ან შემცირდეს ან საერთოდ არ იყოს. ის, რომ რომელიმე კანონპროექტი აკანონებდეს უკანონო მოსმენებს, არ არსებობს", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, უმჯობესი იყო დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს კონსტიტუციის ნაცვლად სულხან-საბა ორბელიანის "კუ და მორიელი" მიეტანა პრეზიდენტისთვის.

"მე მხარს დავუჭერ წარმოდგენილ ვარიანტს და მხარს ვერ დავუჭერ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვეტოს. ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც აუტანა თავის დროზე კონსტიტუცია, სჯობდა, რომ აეტანა სულხან-საბას ერთი ნაწარმოები "კუ და მორიელი", იქნებ მეტი დასკვნები გამოეტანა მისგან", - დასძინა მეჭიაურმა.