გასაღები არ არის საკანონმდებლო ტერმინი, ეს არის ფარული მიყურადების ორეტაპიანი სისტემა

გასაღები არ არის საკანონმდებლო ტერმინი, ეს არის ფარული მიყურადების ორეტაპიანი სისტემა

გასაღებთან თუ გვაქვს საქმე, ეს ერთი გასაღებია, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.

კვერენჩხილაძის განმარტებით, ორგასაღებიანი სისტემა არც პარლამენტის მიერ მიღებულ, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტში იყო გათვალისწინებული.

"მე ორ გასაღებს ვერც გუშინწინ მიღებულ კანონპროექტში ვხედავ. გასაღები არ არის საკანონმდებლო ტერმინი. ეს არის ფარული მიყურადების ორეტაპიანი სისტემა. ერთ მხარეს ამ მიყურადებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, მაგრამ იგი ამ მიყურადებას, პარლამენტის მიერ მიღებული ვარიანტით, ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანხმობით; პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებში კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანო, რჩება უცვლელი, უბრალოდ ხდება ამ მოდელში სასამართლოს ელექტრონული თანხმობით. ანუ რეალურად, მოდით, ასე ვიტყვით, გასაღებთან თუ გვაქვს საქმე, ეს ერთი გასაღებია", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.