დეპუტატები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

დეპუტატები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

დეპუტატები ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ პრეზიდენტის შენიშვნებს იმ მოტივით აკრიტიკებენ, რომ ის ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტისგან დიდად არ განსხვავდება.

"რესპუბლიკელები", "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნების" ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს, პრეზიდენტის შენიშვნებს, ძირითადად, იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მათი აზრით მთავარი პრობლემა გადაჭრილი არ არის, ვინაიდან ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. მართვის პულტი, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება.

"მე მეჩვენება, რომ ეს შენიშვნები არის შენიშვნებისთვის და ამ მთელმა პროცესმა, რაც ამ ორი დღის განმავლობაში ხდება, კანონპროექტის შენიშვნების ინიციატორის მიმართ ერთი ლექსის სტროფი გამახსენა: "კარგი იყო, არ გამეცან თავიდან", - განაცხადა ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიამ.

"ქართული ოცნების" წევრი თამარ კორძაია დაინტერესდა ფარული მიყურადების ინფრასტრუქტურა, ე.წ. კაბელი რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადადის სასამართლოში თუ ორივეს ექნება. კორძაიას აზრით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში ეს ბუნდოვნად არის წარმოდგენილი. ამ მოსაზრებას იზიარებენ "თავისუფალი დემოკრატებიც".

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილებებში ერთ-ერთ განმარტებაში გაქვთ საუბარი, "სასამართლოს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მიწოდების შესაძლებლობაზე" , რაც მიუთითებს, რომ ეს ტექნიკური შესაძლებლობები უნდა იყოს სასამართლოში და სხვაგან არა, თუმცა კანონპროექტის სხვა ნაწილებში ეს განვითარებული არ არის და მკაფიოდ ვერ ვხედავთ, რა არის სინამდვილეში. ის ე.წ. შავი ყუთები და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მოსმენის შესაძლებლობა, პრეზიდენტის ხედვით, სად უნდა იყოს? ეს იქნება მნიშვნელოვანი განმაპირობებელი იმისა, შემდგომში რა უნდა იყოს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"არ მინდა დამრჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ვეტო არის ვეტოსთვის და მრჩება ეს შთაბეჭდილება. ამიტომ თქვენ უნდა დამარწმუნოთ, რატომ არის პრეზიდენტის ვერსია უკეთესი, ვიდრე პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი", - მიმართა დეპუტატმა ანი მიროტაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

"მთავარი პრეტენზია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიმართ იყო ის, რომ მართლზომიერი გადაჭერის სისტემა და ე.წ. შავი ყუთი რჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა აზრი ჰქონდა მაშინ ვეტოს დადებას, თუ თქვენ არ ცვლიდით ამ მთავარ პრინციპს?!", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა. ის ასევე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვახტანგ ხმალაძესთან და შალვა შავგულიძესთან, რომლებიც წელიწადზე მეტია ამ საკითხზე მუშაობენ და რატომ არ გაითვალისწინა მათი მიერ მომზადებული საკითხები.