ფარული მოსმენების

ფარული მოსმენების "გასაღებზე" პრეზიდენტის შენიშვნებს პლენარული სხდომის ფორმატში იხილავენ

ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების და მის მიერ კანონმდებლებისთვის შეთავაზებული წინადადებების განხილვა პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება.

პრეზიდენტის შეთავაზებებს კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცნობს.

ბესელია-ფოფხაძე–სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა ვეტო გუშინ დაადო და პარლამენტს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვით, ფარულ-მოსმენებზე წვდომის ე.წ. ორდონიანი სისტემა - ე.წ. "ორი გასაღები" ძალაში რჩება.

კერძოდ, პრეზიდენტის ვარიანტის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების და შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, თუმცა ამას მხოლოდ სასამართლოს ელექტრონული თანხმობით ახორციელებს. პრეზიდენტის პროექტით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ მოსმენა-მიყურადების პროცესის გარე კონტროლის ინსტიტუტს წარმოადგენს.