ვახუშტი მენაბდე - დეპუტატები, რომლებიც ვეტოს დაძლევენ, ხელს აწერენ შს სამინისტროსთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებას

ვახუშტი მენაბდე - დეპუტატები, რომლებიც ვეტოს დაძლევენ, ხელს აწერენ შს სამინისტროსთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებას

თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება გასაღები, ეს ნიშნავს, რომ მას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის განუსაზღვრელი ძალაუფლება კვლავ რჩება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. 

მისი თქმით, დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ, ხელს აწერენ სისტემას, სადაც შს სამინისტროს განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ამ თემამ შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა და ეს მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი აღარ არის. უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რაც რთული იქნება ამ ვითარებაში. მათ არ აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ ბევრად აღემატებოდეს 76 ხმას. შესაბამისად, თითოეული დეპუტატის ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სისტემას, სადაც შს სამინისტროს ექნება გასაღები, ნიშნავს, რომ დეპუტატები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ ვერსიას, ხელს მოაწერენ სისტემას, სადაც შს სამინისტროს კვლავ რჩება განუსაზღვრელი ძალაუფლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ნებისმიერი დამცავი მექანიზმი, ეს იქნება პერსონალური დაცვის მონაცემთა სააგენტო თუ სხვა, იქნება შირმა იმის შესაფუთად, თითქოს რამე რეგულაციები არსებობს. "რეალურად არანაირი არსებითი ცვლილება არ მოხდება და შს სამინისტროს ექნება კვლავ წვდომა ადამიანის პირად ცხოვრებაზე, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ზაფხულში მიღებული კანონპროექტებიდან გამომდინარე", - განაცხადა მენაბდემ.