ბურჯანაძე-უმრავლესობა გარდაიცვალა

ბურჯანაძე-უმრავლესობა გარდაიცვალა

საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ გარდაიცვალა, - ეს განცხადება "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე კომენტირებისას გააკეთა. ბურჯანაძის განცხადებით,ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც ვადამდელი საპარლაემნტო არჩევნების ჩატარების წინაპირობაა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღებას არავითარი აზრი არ აქვს, როდესაც მოსმენების პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება არ არსებობს. 

"რაც შეეხება ვეტოს და იმ სრულიად გაუგონარ ვითარებას რაც პარლამენტში ეს დღეები ხდებოდა, ეს არის ცალკეული ჯგუფებისა და ადამიანების მცდელობა, თავიანთი ძალაუფლების გამყარების. ეს ნიშნავს იმას, რომ ცალკეული ჯგუფები ემზადებიან მომავალი არჩევნებისათვის და თავიანთ პოზიციებს იმყარებენ.გუშინდელი ფაქტი არის ერთმნიშვნელოვანი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი, იმიტომ რომ უმრავლესობა უბრალოდ არ არსებობს, უმრავლესობა გუშინ გარდაიცვალა და როცა პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ იგი განსხვავებულად აძლევს ხმას ვიდრე ეს არის უმრავლესობის პოზიცია, ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიაა ის, რომ უმცირესობა ემოჩილება უმრავლესობის გადაწყვეტილებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.