პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული შენიშვნების განხილვის პროცედურა დაადგინა

პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული შენიშვნების განხილვის პროცედურა დაადგინა

პარლამენტის ბიურომ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული შენიშვნების განხილვის პროცედურა დაადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომა ხვალ, 11:30 საათზე გაიმართება, მანამდე კი 10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტს და მის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს განიხილავენ.

ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ის პროცედურები განმარტა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის ვეტოს განხილვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მან მედიის საშუალებებით დეპუტატების კომენტარები მოისმინა, რომელიც რეგლამენტს საერთოდ არ შეესაბამება.

უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრეზიდენტის შენიშვნებზე იმსჯელებს, შემდეგ კი კენჭისყრა ჩატარდება და დეპუტატები ან ვეტოს დაძლევენ, ან პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

"თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ის ხელის მოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება და თუკი მარგველაშვილი მას ხელს არ აწერს, ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე", - განაცხადა უსუფაშვილმა.