ან ბრასორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

ან ბრასორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მხარდაჭერა ან ბრასორმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან შეხვედრისას გამოხატა.

"მსურს, დაგიდასტუროთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია უცვლელია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ბოლო განცხადებაში. აღნიშნული თანამომხსენებლები მაიკლ აასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი მიმდინარე წლის 3-5 დეკემბერს ეწვევიან საქართველოს და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უფრო დეტალურად განიხილავენ ამ და სხვა კრიტიკულ საკითხებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ პირადად მე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უდიდესი ყურადღებით გააგრძელებს თვალყურის დევნებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეების მიმართ", - აღნიშნა ან ბრასორმა.

პარლამენტის საგარეო უთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ შეთანხმების გაფორმება არ შეუწყობს ხელს საქართველოში ვითარების მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას. პირიქით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.