საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით თოქ-შოუ ეთერში სავარაუდოდ 2015 წლის დასაწყისში გავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, რომელიც გადაცემის მომზადებაში მონაწილეობს. მისივე თქმით, ტელეკომპანა GDS-ისთვის მოდიფიცირების პროცესის გადადება არაფერს ცვლის.
"მოდიფიცირების პროცესი დრობით გადაიდო და არა სამუდამოდ. თოქ-შოუ ეთერში მაშინ გავა, როდესაც არხის საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება მოხდება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, თოქ-შოუს გასვლა სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ იგეგმება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ GDS TV-ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მიმდინარეობდა ტელევიზიის "გასართობი" ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების პროცესი, რომელიც თავად ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე შეჩერდა. GDS-ში განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა ტექნიკურმა მიზეზებმა განაპირობა.