რომ არა პრეზიდენტის ვეტო, ფარული მოსმენების

რომ არა პრეზიდენტის ვეტო, ფარული მოსმენების "გასაღების" თემაზე უმრავლესობა ერთიანი პოზიციით გამოვიდოდა

ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით უმრავლესობიდან ორი ერთმანეთისგან განსხავებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტის ვეტოს უკავშირებს.

როგორც საგანელიძე აცხადებს, რომ არა პრეზიდენტის მხრიდან კანონის მისაღებად 1-ელ დეკემბრამდე დაწესებული ვადა, უმრავლესობის ფორმატში პოზიციების შეჯერება შესაძლებელი იქნებოდა.

"ის, რომ ფარული მოსმენების თემაზე უმრავლესობიდან ორი კანონია წარმოდგენილი, არ მიკვირს. ყველაზე დიდი პრობლემა ამაშია. არ მიკვირს იმიტომ, რომ ალბათ ამ პარლამენტმა და ჩვენმა უმრავლესობამ მოახერხა ერთის მხრივ ის, რომ მართლა დემოკრატიული გზით წავედით, როცა არავის არაფერს ვუკრძალავთ და თითოეულ დეპუტატს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა აქვს, არავინ არავის ჩაგრავს და არავინ მუშტს არ ურტყამს მაგიდაზე, რომ ერთ რომელიმე პოზიციას დაემორჩილოს. ერთადერთი ცუდი და სუსტი პოზიციაა ის, რომ უმრავლესობაში ეს ორი პოზიცია ვერ შევაჯერეთ. კამათი სასესიო სხდომაზე კი არ უნდა გამოდიოდეს უმცირესობასთან ერთად, არამედ უმრავლესობაში უნდა გამართულიყო, თუმცა აქ მიზეზი ისაა, რომ ბატონმა პრეზიდენტმა 1-ელ დეკემბრამდე მოგვცა ვადა და გვინდა თუ არა კანონი 1-ელ დეკემბრამდე უნდა მივიღოთ. შეიძლებოდა ერთ თუ მეორე საკანონმდებლო პაკეტის პლუს-მინუსებზე სასაუბროდ, პოზიციების შესაჯერებლად უმრავლესობის სხდომებზე ღამეები გვეთეებინა, მაგრამ ამის ვადა პრეზიდენტმა თავისი ვეტოთი არ მოგვცა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

დღეს დილიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარული მოსმენების ე.წ. "გასაღებთან" დაკავშირებით ბესელია-ფოფახაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. ცალკე პროექტი აქვს მომზადებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს.