ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესომბუდსმენობაზე უარის თქმის მიზეზებზე წერს

ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესომბუდსმენობაზე უარის თქმის მიზეზებზე წერს

უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნაზე უარის თქმა მიზეზებზე იმის გამო მომიწია, რომ ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემ სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საკუთარ "ფეისბუქზე" ჯერ კიდევ 4 ნოემბერს წერდა, როდესაც მედიაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

გილაური ადასტურებს, რომ შეთავაზება უკრაინის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მიიღო და ამასთან დაკავშირებით კიევშიც იმყოფებოდა.

"მინდა, გამოვეხმაურო მედიაში გავცელებულ ინფორმაციას ჩემ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნის თაობაზე.

მართლა მქონდა შემოთავაზება EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის) პრეზიდენტისგან, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციაა უკრაინის ახლადშექმნილი ბიზნესომბუდსმენის ოფისის საბჭოს ერთ-ერთი წევრი (და იდეის ავტორიც). კიევშიც ვიყავი ჩასული, შევხვდი საბჭოს ყველა წევრს (მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს) და საბჭოსგანაც ერთსულოვანი შემოთავაზება მივიღე. თუმცა ბოლოს უარის თქმა მომიწია იმის გამო, რომ როგორც გაირკვა ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემ სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან. ასე რომ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მართალია - იყო ამის შესახებ შემოთავაზება, თუმცა ჩემი და ჩემი კომპანიის სხვა არსებულ კონტრაქტებთან იურიდიულ კონფლიქტში მოსვლის გამო ეს საკმაოდ საინტერესო გამოწვევა ვერ მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა, განსაკუთრებით EBRD-ის პრეზედენტს ბატონ ჩაკრაბარტის და უკრაინის რეგიონალრ დირექტორს ბატონ აჯუნერს, უკრაინის ომბუდსმენის ოფისის საბჭოს წევრებს და უკრაინის მთავრობის წევრებს.ასევე მადლობა ყველას ვისაც ჩემ შესახებ გაგონილი კარგი ამბავი გაეხარდა ", - წერს გილაური.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" ნიუ-იორკიდან ჩართვისას გუშინ განაცხადა, რომ ნიკა გილაურის უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ ხელი შეუშალა.

"ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად, ეს იყო ევრობანკის პროექტი, თუმცა საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან", - განაცხადა სააკაშვილმა.