კანონის მოთხოვნა, პირადი ცხოვრების ინფორმაციის განადგურების შესახებ, ძალაში რჩება

კანონის მოთხოვნა, პირადი ცხოვრების ინფორმაციის განადგურების შესახებ, ძალაში რჩება

კანონის მოთხოვნა, სამძებრო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ინფორმაციის განადგურების შესახებ, ძალაში რჩება კანონის მოთხოვნა, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურებას ითვალისწინებს, ძალაში რჩება.

ამ თვალსაზრისით "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონში არაფერი იცვლება, რადგან ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი პროექტი პარლამენტიდან უკან არის გათხოვილი.

ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში წარდგენილი იყო "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებიც, რომლის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურების ვალდებულება, ე.წ. მაკომპრომეტირებელი ცნობების შემცველი ინფორმაციის განადგურების ვალდებულებით იცვლებოდა. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის განადგურების ნაცვლად, ე.წ. მაკომპრომეტირებელი მასალების განადგურება მოეთხოვებოდა.

ინიციატივა პარლამენტში კრიტიკის საგანი გახდა. როგორც ითქვა, ტერმინი "მაკომპომეტირებელი ინფორმაცია" ზოგადი ხასიათისაა და სამართალდამცავებს ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას უტოვებს. პროექტის ერთ-ერთ ავტორს ეკა ბესელიას კოლეგებმა ისიც შეახსენეს, რომ ის თავად უჭერდა მხარს კანონის შესაბამისს მუხლში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაფიქსირებას.

როგორც ბესელიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განმარტა, საკომიტეტო განხილვისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კანონის არსებული რედაქციის დატოვების შესახებ.