ბიუროს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ბიუროს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

საპარლამენტო უმცირესობამ რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანა მოითხოვა.

მსგავსი ინიციატივით უმცირესობის წევრებმა ბიუროს სხდომას მიმართეს, რასაც ხმაური და უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრებს რეგლამენტის დაცვა სთხოვა. მისი თქმით, მნიშვნელოვნია, რომ ყველაფერი კანონის დაცვით მოხდეს.

"ჩვენ გვაქვს სურვილი შედგეს პოლიტიკური კონსულტაციები და ორივე მხარისთვის მისაღები რეზოლუციის ტექსტი მივიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

ვიცე-სპიკერის ამ განცხადებას, ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

"ჩვენ გვინდა რომ ჩვენი რეზოლუციის დოკუმენტი გავიდეს პლენარულ სხდომაზე. არავითარი კანონდარღვევა არ არის. ჩვენ ვსმავთ ამ საკითხს და თუკი ინიციატორი მოითხოვს, თქვენ არ გაქვთ უფლება დღის წესრიგში არ შეიტანოთ ის", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ დრომდე მიმდინარეობს რეზოლუციის დოკუმენტის განხილვა.