ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე. ვინც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ისევ მან უნდა აღადგინოს

ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე. ვინც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ისევ მან უნდა აღადგინოს

ჟურნალისტი შაჰიდ იაკუბი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელიც კომენტარს უკეთებს სოჭში ხელმოწერილ ხელშეკრულებას რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

გთავაზობთ სტენოგრამას:

„მე მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფური წარმოსახვების დროს ყოველთვის რაღაც განუსაზღვრელი მოთხოვნებია ხოლმე. თქვენ, ალბათ, ძალიან კარგად გახსოვთ სამხრეთ ოსეთის ის ტრაგედია, რომელიც 2008 წელს აგვისტოში მოხდა - როცა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, მათთან ერთად კი რუსი მშვიდობისმყოფელებიც. რუსეთი დაეხმარა სამხრეთ ოსეთს საქართველოს აგრესიის მოგერიებაში, რის შემდეგაც ჩვენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიარეთ.

ამის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში, რუსეთმა აფხაზეთთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. სხვათაშორის, ამ ხელშეკრულების გარდა, დადებულია კიდევ 80-მდე ორმხრივი შეთანხმება. დღეს აფხაზეთში ახალი ხელისუფლებაა, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით, ახალი გუნდია მოსული. ექვსი წელი გავიდა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან და სრულიად ბუნებრივია, რომ მხარეები დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ძველი ხელშეკრულების სამართლებრივი ბაზის გაძლიერება ახალი ხელშეკრულებით, რომელიც დღეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" სახელითაა ცნობილი.

რუსეთი, როგორც დიდი და ძლიერი სახელმწიფო, ყოველთვის პასუხისმგებელია თავისი საზღვრების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ანუ იმაზე, რაც მისი საზღვრების პერიმეტრზე ხდება. ამიტომაც ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ ჩვენმა მეზობლებმა  თავი საფრთხეში არ იგრძნონ. ჩვენ ამ მიზნით ყოველთვის ვხარჯავდით, ვხარჯავთ და დავხარჯავთ დიდ შრომას, დიდ ძალისხმევას, ნერვებს და ფინანსებს. იქ, სადაც საჭიროა, ეკონომიკურად დავეხმარებით, ფინანსურადაც. მოკლედ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე ექვსი წელია, ჩვენი პარტნიორები არიან, ჩვენ ისინი სუვერენულ-დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიარეთ. არავითარ ანექსიაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს ხელშეკრულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე დოკუმენტი, სადაც საკითხები ეხება უსაფრთხოების საერთო სივრცეს (და ეს მართლაც საერთოა ჩვენს შორის, რადგან აფხაზეთი ჩვენ უშუალოდ გვესაზღვრება, რადგან აფხაზეთის სიტუაციაზე რუსეთის უსაფრთხოებაა დამოკიდებული და პირიქით). ასე რომ, რაღაც თეზისები ანექსიის გეგმებზე, შთანთქმაზე, ექსპანსიაზე - ეს ყველაფერი უმჯობესია, იმ ადამიანებს მოჰკითხოთ, ვინც „აღმოსავლეთის პარტნიორობის" მსგავსი ტიპის პროგრამები წამოიწყო.

საქართველო, როგორც ჩანს, თავს მშვიდად ვერ გრძნობს, უპირველესად იმ დანაშაულებრივი აქციების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, როცა მან ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი დაკარგა. აი, ეს კი ნამდვილად არამყუდრო შეგრძნებაა. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობას, ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვდგამთ კავშირების დასამყარებლად იმ სფეროებში, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არსებობა აუცილებელი არ არის. ასეთი მუშაობა მიდის და ის გაგრძელდება. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოზე, რადგან სწორედ თბილისმა მოახდინა ურთიერთობის გაწყვეტა რუსეთის ფედერაციასთან და ამიტომ ვერ დავიწყებთ ჩვენი ინიციატივით დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მცდელობებს. ვინც გაწყვიტა, ისევ მან უნდა აღადგინოს. თუმცა, ჩვენ, რასაკვირველია, უმოქმედოდ არ ვიქნებით და „ამინდს არ დაველოდებით", შევეცდებით, ურთიერთობა დავამყაროთ იმ სფეროებში, რომლებიც ხალხისთვისაა საჭირო - იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ორივე სახელმწიფოში ცხოვრობენ, რათა მათ ერთმანეთთან დაკავშირება შეძლონ, ერთმანეთთან სტუმრად წავიდნენ, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში და სხვა ღონისძიებებში. ამ მუშაობას ჩვენ გავაგრძელებთ იმ დონით, რა დონითაც მზად იქნება ყოველი მხარე. მე იმედი მაქვს, რომ ქართული მხარე, ჩემი კოლეგა ზურაბ აბაშიძე და რუსული მხარე, მათ შორის მეც, ამ მუშაობისათვის მზად ვართ და მოქმედებას გავაგრძელებთ".

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26710183.html