საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სასახლის ეზოში სახელმწიფოთა ჰიმნები შესრულდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები წარუდგინა, ლატვიის პრეზიდენტმა კი მასპინძელს - ლატვიის დელეგაცია. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსი,გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ლატვიის მხრიდან ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, განათლების, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, გაიმართება პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.