"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, რკინიგზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, რკინიგზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და რკინიგზელების უმრავლესობა გაფიცვას არ აპირებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, "საქართველოს რკინიგზაში" პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან "საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთი სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ ერთ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. 

"თუკი გავითვალისწინებთ "საქართველოს რკინიგზის" ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის შიგნით გატარებულ კორპორატიულ - სოციალურ პოლიტიკას და მის კონსტრუქციულ ნაბიჯებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, აღნიშნული ორი პუნქტის გამო პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ დაჟინებით გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანს და არა მოლაპარაკების და დიალოგის გზით საკითხების მოგვარების სურვილს", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში". 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სრული გაგებით ეკიდება მისი თანამშრომლების თუნდაც მცირე ჯგუფის პროტესტის ამ ფორმას და გამოთქვამს მზაობას გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს ეს პროცესი.

"ეს ადასტურებს მის პროგრესულ ხედვას მსგავსი ტიპის პროცესებთან მიმართებაში. მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ გაფიცვის ორგანიზატორები დაიცავენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და ასევე პატივს სცემენ და არ დაარღვევენ რკინიგზის მომხმარებლებისა და თავიანთი არაგაფიცული კოლეგების უფლებებს. კანონის და პროცედურების სრული დაცვით აწარმოებენ თავიანთი პროტესტის გამოხატვის პროცესს". აქვე გვინდა ვაცნობოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, რომ გაფიცვის მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე (საქართველოს რკინიგზაში 12 682 ადამიანია დასაქმებული) "საქართველოს რკინიგზა" განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით და არანაირ შეფერხებას რკინიგზის სამუშაო პროცესის არც ერთ კომპონენტში ადგილი არ ექნება", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რკინიგზაზე გაფიცვა შესაძლებელია, დღეიდან დაიწყოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რკინიგზელთა პროფკავშირებიდან აცნობეს, რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის კვლავაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, ამ დრომდე რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის. 

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აცხადებენ, რომ რაც უფრო გადის დრო, გაფიცვის ალბათობა უფრო იზრდება. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ღიად აცხადებს, რომ ადმინისტრაციასთან სადავო საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში 26 ნოემბერს, 10:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე გაფიცვა დაიწყება.

"ახალი პროფკავშირები წინასწარ ბოდიშს უხდის რკინიგზით მოსარგებლე მგზავრებს და პარტნიორ კომპანიებს შესაძლო შეფერხებების გამო. აქვე იმედს გამოვთქვამთ, რომ საზოგადოება გაგებით მოეკიდება რკინიგზაში დასაქმებული ადამიანების სამართლიან მოთხოვნებს და გამოგვიცხადებენ სოლიდარობას", - აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე.