ალეკო ელისაშვილის ხარჯები ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება

ალეკო ელისაშვილის ხარჯები ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ალეკო ელისაშვილის, როგორც საკრებულოს დეპუტატისა და როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ბიუროს ხარჯები ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება. 

"თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახაული ადმინისტრაციული ხარჯები სრულად შეესაბამება სხვა ქვეყნების სტანდარტებს და პროცენტულად ზუსტად იმ თანხას მოიცავს, რაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებსა და პრემიებს სჭირდება“,- ეს განცხადება საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის  სხვადასხვა მუხლების განმარტებისას გააკეთა. 

დეპუტატის თქმით, მუნიციპალიტეტებში 18 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითოეული მათგანი ხელფასს და პრემიას სათანადო მუშაობისთვის იღებს. 
 
მისივე თქმით, ამავე თანხებში შედის ალექსანდრე ელისაშვილის, როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და მისი როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ბიუროს ხარჯები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება. ეს თანხა კი საკრებულოს თანამდებობის პირთა ხარჯებთან შედარებით გაცილებით მეტია. 
 
ნუგზარ მალაღურაძე საწვავის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხარჯები მოკრძალებულია, რადგან სისტემა მხოლოდ საკრებულოს ავტო-პარკის მოქნილ მუშაობაზეა  მოწყობილი.
 
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ესტაკადების მოწყობაზე ისაუბრა საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ. გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, საკრებულო და მერია აქტიურად მუშაობენ დედაქალაქში არსებული საცობების აღმოფხვრის თემაზე. როგორც დეპუტატმა განმარტა, არსებობს მეცნიერული დასკვნა, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ეტაკადის მშენებლობა ნამდვილად განტვირთავს მოძრაობას და ამ საკითხზე არქიტექტორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ მერიის სატრანსპორტო სამსახურები. 
 
მისივე თქმით, იგეგმება სავალი გზის გაფართოება, რომელიც გმირთა მოედნიდან მარცხენა სანაპიროზე ჩასასვლელ ესტაკადას უერთდება. 
 
ასევე მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ,,ჭკვიანი შუქნიშნების“ დამონტაჟებასთან დაკავშირებით, რომლებიც საცობების აღმოფხვრას მთელს ქალაქში შეუწყობს ხელს.