უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმება საერთაშორისო სამართლის იგნორირების კიდევ ერთი დადასტურებაა

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმება საერთაშორისო სამართლის იგნორირების კიდევ ერთი დადასტურებაა

უკრაინა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებას გმობს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ევგენი პერებიინისმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკრაინა გმობს და არ ცნობს ამ დოკუმენტს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დადასტურებაა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის იგნორირებისა. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც მიმართულია შავი ზღვის რეგიონში ვითარების დესტაბილიზებისთვის და წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოსა და მთლიანად ევროპული სივრცისთვის", - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, უკრაინა, რომელიც რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს განიცდის, ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დემოკრატიულ სამყაროს მოუწოდებს, რუსეთის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების შემდგომი ნგრევა არ დაუშვან.