საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, იურიდიული თვალსაზრისით, აფხაზეთის სტატუსზე გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ, ფაქტობრივად, ასეთი შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის ანექსიასთან შეგვიძლია გავაიგივოთ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "დოიჩე ველესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ მსოფლიო საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები უნდა განვიხილოთ, როგორც დიდი სურათის კომპონენტები. რუსეთი რასაც უკრაინაში აკეთებს, სურს სხვა სახელმწიფოებშიც გაიმეოროს. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა პუტინთან შეხვედრებისას ყურადღება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც გაამახვილონ. დიახ, უკრაინა ამ დროისთვის უფრო აქტუალურია, მაგრამ ამ კონფლიქტური ზონების არსებობის დავიწყებაც არ შეიძლება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, ეს თემები ყველა საერთაშორისო შეთანხმებებში დაფიქსირდეს. უსუფაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყდეს, ამ მომავლის მშენებლობა დღეს უნდა მოხდეს არა ტანკებით, არამედ ასეთი განცხადებებითა და არგუმენტებით.