„ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი ნაჩქარევად არის მომზადებული.“

„ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი ნაჩქარევად არის მომზადებული.“

დეპუტატ თინა ხიდაშელისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოცხადდეს ფარული მოსმენის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად. ეს ერთ-ერთია იმ შენიშვნებს შორის, რომელიც ხიდაშელს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წარდგენილ პაკეტთან დაკავშირებით გააჩნია.

დეპუტატი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე სასამართლო სხდომების საჯაროობის გარკვეულწილად შეზღუდვას ელის.

"როდესაც ასეთი ტიპის კანონპროექტებზეა საუბარი, შეუძლებელია ის იყოს კარგი პროექტი, თუ მხოლოდ ერთ ინტერესს ემსახურება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ერთი ინტერესი რა არის, არ მესმის. წარმოდგენილი პაკეტით ცვლილება შედის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში, რომლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების ჩამონათვალს ფარული მოსმენები ემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, სასამართლოს საჯაროობა გარკვეულწილად პარალიზებული იქნება, რადგან ფარული მოსმენა, რომელიც საქმეს მტკიცებულებად უნდა დაერთოს, უკვე სახელმწიფო საიდუმლოება ხდება და საჯარო სხდომაზე ვერ იქნება განხილული", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა.

დეპუტატის თქმით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი ნაჩქარევად არის მომზადებული. მისივე შეფასებით, ფრაქცია "ქართული ოცნება- რესპუბლიკელები" არ დააკლებენ მცდელობას, რომ საბოლოო ჯამში პარლამენტმა კეთილშობილური საკანონმდებლო პროექტი მიიღოს.

ხიდაშელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია დაბალანსებულად ორი ინტერესის დაცვა- სახელმწიფო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების.