თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი "საიდუმლო" ნაწილობრივ მოეხსნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია დაკავებულთა ადვოკატებმა დაუდასტურეს.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, აღნიშნული პირების მონაწილეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის შესყიდვა სამინისტრომ ხელოვნურად გაზრდილი თანხით, განახორციელა კომპანია "სილქნეტისგან", აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ. პროკურატურის ინფორმაციით, "სილქნეტმა" სამინისტროს ტენდერში, ასევე ხელოვნურად გაიმარჯვა.

დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

ამასთან, დაკავებულთა ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვდნენ, რასაც პროკურატურა არ თანხმდებოდა და მათ მასალების პროკურატურაში გაცნობას სთავაზობდნენ.