ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად აუარესებს იმ სტანდარტებსა და ნორმებს , რომელიც პარლამენტმა ფარული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების სფეროში გასულ წელს დაამტკიცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.
შავგულიძის თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ გასაღების თემას, თუ სად უნდა იყოს გასაღები და როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს კონტროლი.
"უპირველეს ყოვლისა, გასული წლის აგვისტოში პარლამენტის მიერ მიღებული პროექტები ცალსახად გამორიცხავდა გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვებას. მართალია, საკითხი ამ დრომდე ღიად იყო დარჩენილი, მაგრამ განსაზღვრული იყო, რომ გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, ჩვენს მიერ მიღებული პროექტით მნიშვნელოვნად გაიზადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, როგორც გარე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტის უფლებამოსილებები. პარლამენტში წარდგენილი ბესელია- ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თავად ხდება ფარული მოსმენების განმახორციელებელი სუბიექტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ე.წ. ორი გასაღების სისტემა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებზე არ ვრცელდება და პროკურორის დადგენილება ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით ინსპექტორს მხოლოდ 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ან ჩნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ერთი გასაღების გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობა. გარდა ამისა, ცალკე სუბიექტად არის გამოყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. ოტოს სამსახური, რომლის მიმართაც არ ვრცელდება ის სტანდარტები და ნორმები, რაც დადგენილია ფარულ ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებთან მიმართებით", -განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, უკან გადადგმული ნაბიჯია, იმ სტანდარტებიდან, რომელიც პარლამენტმა ფარული მოსმენების მიმართულებით გასულ წელს მიიღო.