პარლამენტთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ქალებზე ძალადობამ საქართველოში უპრეცედენტო სახე მიიღო და ყველანაირ მასშტაბს გასცდა.

"ქალზე ძალადობა უკვე საქართველოში ყოვცელდღიურ მოვლენად იქცა. ქალებზე ხორციელდება ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ ცემენ, კლავენ, აუპატიურებენ და ა.შ. მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ყველამ ერთად დაგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეამცირებს საქართველოში ქალზე ძალადობას", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი განცხადებით, ასეთი აქციები საქართველოში ხშირად გაიმართება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ძალადობა აღმოიფხვრას.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ქალზე ძალადობა საქართველოში გახშირდა ბოლო პერიოდში და უნდა დაიგეგმოს ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამას აღკვეთს. მისივე თქმით, უნდა დამთავრდეს საქართველოში ის მენტალიტი, რომ ქალი არის ისეთი არსება, რომლის დაჩაგვრა შესაძლებელია.