დატუსაღებული 14 წლის გოგონა შველას ითხოვს!

დატუსაღებული 14 წლის გოგონა შველას ითხოვს!

უახლოეს ხანში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავს, რომელიც 2006 წლის ნოემბერში, 14 წლის ასაკში, თანაკლასელი ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

პრესა.გე გვანცას მამას, ალექსანდრე ყუფარაძეს შეხვდა და ესაუბრა; ასევე ვესაუბრეთ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელიც გვანცას მამის განმარტებით, საქართველოს პარლამენტში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ყუფარაძეების პრობლემა დეტალურად შეისწავლა, გულთან ახლოს მიიტანა და პოლიტიკური დებატების დროს, ამაზე პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა. პრესა.გე–სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და უსამართლოა.

ის, რასაც ამ მასალაში წაიკითხავთ, ეყრდნობა ალექსანდრე ყუფარაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. პრესა.გე არ არის პირველი, ვინც ამ საქმეზე მასალას აქვეყნებს. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქართულ გაზეთებში არაერთი მასალა დაიბეჭდა. ახლახანს ამ თემაზე, ტელეეთერში სტუდია “ჯი ენ ესის“ ჟურნალისტის, იმედა დარსალიას მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტიც გავიდა, რომელშიც კონკრეტულ ადამიანთა მონათხრობი (როგორც ფარულად, ისე ღიად ჩაწერილი თვითმხილველების) ემთხვევა, ალექსანდრე ყუფარაძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მონათხრობს. 

სანამ ამ საქმეში ახლადაღმოჩენილ გარემოებაზე გიამბობთ, მოკლედ მოგიყვებით ისტორიას, რის გამოც გვანცა ყუფარაძე დღემდე საპყრობილეშია:

2006 წლის 9 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში, მე-12-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის დროს, 14 წლის თორნიკე ტყემალაძეს დანით 33 ჭრილობა მიაყენეს. ოფიციალური ვერსიით ეს თორნიკეს კლასელმა, გვანცა ყუფარაძემ გააკეთა. მოტივი საქმის მასალებში არ ფიგურირებს და ეს დაზარალებულისთვისაც უცნობია. თავად გვანცას ჩვენების მიხედვით, თორნიკეს 4 ახალგაზრდა (გვანცასთვის უცნობი, ხოლო თორნიკესთვის ნაცნობი) სცემდა და აქედან ორმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ამ ფაქტის ერთადერთმა მოწმემ, გვანცა ყუფარაძემ თანაკლასელის დაჭრის ამბავი ერთ–ერთ მასწავლებელს შეატყობინა. 

სკოლის სასწავლო ნაწილმა, მაია ბერძენიშვილმა შემთხვევის ადგილის შესახებ გვანცა ყუფარაძეს დაწვრილებით გამოჰკითხა, რის შემდეგაც, სკოლის თანამშრომელთა თქმით, დანაშაულის კვალი წაშალა. 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “სისხლის სამართლის საქმის გაცნობისას, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს წავაწყდი, რაზეც შემდგომში ყურადღება სტუდია “ჯი ენ ესმა“ გაამახვილა, თავის სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერით გავიდა და რომელშიც ასახულია დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალის წაშლის ფაქტი, იმ საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის მიერ, რომელშიც გვანცა ყუფარაძე სწავლობდა. ეს ფაქტი გამოძიებისთვის რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. საქმის მასალებში არის ჩვენება, სადაც სასწავლო ნაწილი ამბობს, რომ მან კვალი წაშალა, რაღაც სხვა მოსაზრებების გამო“. 

მე–12 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ამბის შესახებ, ერთ–ერთი სააგენტოს ე.წ. ნიუსი, პირველად გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნდა..; 14 ნოემბერს ამაზე ტელეკომპანია “მზის“ საინფორმაციო გამოშვებაშიც ილაპარაკეს (მოგვიანებით ინფორმაცია “რუსთავი 2“–ზეც გავიდა), რის შემდეგაც მამამ თავისი შვილი პოლიციაში მიიყვანა – “აი, ჩემი შვილი და თუ დამნაშავეა, მოვკლავ–მეთქი, - ვუთხარი პოლიციელებს. მანამდე გვანცა პოლიციას ერთხელ ჰყავდა დაკითხული“.

ალექსანდრე ყუფარაძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი დარწმუნდება, რომ დაზარალებული თორნიკე ტყემალაძე მოსამართლის კითხვებზე წინასწარ მომზადებულ და შეთანხმებულ პასუხებს სცემს – “როცა ეკითხებიან – წინააღმდეგობა რატომ ვერ გაუწიეო, დაზარალებული ამბობს, ჟეშტი მეჭირა, მაგრამ ბოლოს წინააღმდეგობის გაწევა შევძელი და გავიქეციო. აი, ასეთი სისულელეების დაჯერება შეძლო მოსამართლემ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა გაქცეულიყო ადამიანი, რომელსაც 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?!“

გვანცა ყუფარაძის მამის თქმით, მე-12 საჯარო სკოლის იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც საქმის ირგვლივ სიმართლე იციან,ზეწოლას ახორციელებენ და ამიტომ, ხმამაღლა შიშით ვერაფერს ამბობენ. გვანცას დედა, ციალა ქავთარაძეც მე-12 სკოლაში მუშაობს – მათემატიკას ასწავლის.

ალექსანდრე ყუფარაძე: “სხვადასხვა სკოლებში არაერთი ამგვარი შემთხვევა მოხდა, რასაც დირექტორისა და მოადგილეების წასვლა მოჰყვა. მე-12 საჯარო სკოლაში მანანა გორგასლიძე მეოთხე წელია დირექტორის მოვალეობას ასრულებს. როგორც ჩანს, განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინისთვის ასეთი დირექტორები და სასწავლო ნაწილები ხელსაყრელია; მოზარდებს ალბათ ამგვარი ხალხის მეშვეობით უპირებენ სამტრედიის ე.წ. სპეცსკოლაში გამწესებას და ციხის კონტიგენტის შევსებას - რაც მეტი დაჩაგრული ბავშვი გაიზრდება, მით მეტი მონა ეყოლებათ. გვანცამ თავის ჩვენებაში სიმართლე ილაპარაკა, მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარეო, ასე გამოვიდა; ჩემი შვილი სიმართლის თქმისთვის ისჯება; ცალკეული პიროვნებების პასუხიმგებლობის საკითხი, რომ არ დამდგარიყო, ჩემი შვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას რომ ეთქვა ის ტყუილი, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია ამტკიცებდა (რომ თორნიკე ტყემალაძე ვითომ მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა), დღეს ალბათ, თავისუფალი იქნებოდა“.

იმას, თუ როგორ აღმოჩნდა გვანცა ყუფარაძე იმ ადგილას, სადაც თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს, ალექსანდე ყუფარაძე, მისი შვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გვიამბობს - იმ დღეს, პირველ გაკვეთილზე თორნიკემ გვანცას გარკვეული თანხა სთხოვა, რაზემ პასუხად მიუგო - მე არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დედას ვთხოვო და დაგეხმარებიო. ამაზე თორნიკემ უარი უთხრა. მეხუთე გაკვეთილის შემდეგ, ღობესთან მყოფმა თორნიკე ტყემალაძემ გვანცას თხოვნა გაუმეორა - შენს იქით გზა არ მაქვს, ეგებ დედას სთხოვოო. ამასობაში, ოთხი ახალგზარდა მოვიდა... 

ალექსანდრე ყუფარაძე: “როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წინა დღეს აგინებდნენ გამოდი თორემ ასე და ისე გიზამთო; სკოლის შენობიდან თორნიკე მასწავლებლებმა არ გაუშვეს, მაგრამ ამ ამბის შესახებ, არც მათ მშობლებს შეატყობინეს. მეორე დღეს თორნიკე დაჭრეს“.

იმაზე, თუ რატომ წაშალეს დანაშაულის კვალი და რატომ აშინებენ იმათ, ვინც სიმართლე იცის, ალექსანდრე ყუფარაძე დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, მაგრამ იხსენებს 2006 წლის 9 ნოემბერს, როცა დანაშაულის ადგილის დათვალიერება დასრულდა (ეს კი ღამის 11საათზე, ფარნის შუქზე გაკეთდა!), პოლიციის მანქანაში, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები უშუალოდ მას უმტკიცებდნენ, რომ თორნიკე ტყემალაძე დაჭრეს კიკვიძის ბაღში და შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე შეიყვანეს. 

“პოლიციისთვის მთავარი იყო საქმე გახნილიყო. მათ არ ადარდებდათ, ვის დაიჭერდნენ – ნამდვილ დამნაშევეებს თუ უდანაშაულო ბავშვს. რაც შეეხება დირექციას - მანანა გორგასლიძე “ნაცმოძრაობის“ წევრია; ამასთან კახა ლომაიას კადრია – მანამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა. გორგასლიძის წინამორბედი ლომაიას სიდედრს გადააყოლეს, რომელიც მე-12 სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. საათების არქონის გამო შემცირებაში მოჰყვა, რის გამოც ლომაია სკოლის იმჟამინდელ დირექტორს დაემუქრა. 4 თუ 5 თვის შემდეგ განათლების მინისტრად დაინიშნა და დირექტორიც გაათავისუფლა“, - აცხადებს გვანცა ყუფარაძის მამა.

პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვანცა ყუფარაძის საქმეს უნიკალურ შემთხვევად აფასებს და ამბობს, რომ 4 წლის განმავლობაში სასჯელს იხდის საპყრობილის რეჟიმში, სრულწლოვან პატიმარ ქალებთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემას არასრულწლოვან ქალთა დაწესებულება არ გააჩნია.  

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “პოლიტიკური დებატების დროს ამაზე მიხიელ სააკაშვილს გავუმახვილე ყურადღება, რასაც უმრავლესობის წარმომადგენელი, პალიკო კუბლაშვილი გამოეხმაურა და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს გვანცა ყუფარაძემ მიაყენა თავის თანატოლს სიცოცხლისთვის სახიფათო 7 ჭრილობა და რომ ჩემი მხრიდან გვანცა ყუფარაძის ადვოკატობა იყო არადროული და მიმართული იყო პოლიტიკური ქულების ჩაწერისკენ. ამის შემდეგ, გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმით უფრო ღრმად დავინტერესდი და ჩემს თვალწინ წარმოუდგენელი რამ დადგა - საქმე ეხება განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში, რა დროსაც თითქოს გვანცა ყუფარაძემ მის თანაკლასელს მიაყენა 33 ჭრილობა, ორი სხვადასხვა მჭრელი საგნით.

ინფორმაციის მოპოვების მიზნით გვანცა ყუფარაძის კანონიერ წარმომადგენელს, მის მამას დავუკავშირდი; დავინტერესდი გვანცა ყუფარაძის აკადემიური მოსწრებით და გავარკვიე, რომ 14 წლის ასაკამდე გვანცას სემესტრულად, არც ერთი ოთხიანი არ ჰყოლია გამოყოლილი, იყო ფრიადოსანი; დახასიათებაშიც, რომელიც მე-12 საჯარო სკოლამ გასცა, წერია, რომ გამოირჩეოდა უაღრესად დადებითად და რომ არასდროს არ ჰქონია შენიშვნა მიღებული“.

საქართველოს სახელით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მას მიმაჩნია, რომ განაჩენი არის არაკანონიერი და უსამართლო, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო არ დაეყრდნო, არც ექსპერტიზის დასკვნებს და არც ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტარის განმარტებით, აშკარად იკვეთება ახალი დანაშაულის კვალი, როგორც მინიმუმ, დანაშაულის დაფარვის კუთხით.

“შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო განიხილავს გვანცა ყუფარაძის საქმეს, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, ვფიქრობ, სამართლიანობა იზეიმებს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება საბოლოოდ გაირკვევა. თუმცა, როგორ და რა გზით მოხდება გვანცა ყუფარაძისა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან გვანცა ყუფარაძე უპრეცენდენტო პირობებში იხდის სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არის მოწყობილი არასრულწლოვან ქალთა სპეციალური დაწესებულება. 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მესამედ გავუგზავნე დასაბუთებული შუამდგომლობა, გვანცა ყუფარაძის შეწყალების აუციელებლობის თაობაზე, ჩემთვის ჯერჯერობით დაუდგენელი და გაუგებარი მიზეზების გამო, პრეზიდენტი გოგონას შეწყალებისგან თავს იკავებს. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შემამსუბუქებელი უნდა ყოფილიყო – მიუხედავად გაუსაძლისი, მძიმე პირობებისა, გვანცა ციხის პირობებშიც აგრძელებს სწავლა–განათლებაზე ზრუნვას; მან წარმატებით დაძლია ყველა გამოცდა, რომელიც მეთორმეტე კლასის დამამთავრებელ გამოცდებს შეეხებოდა, მაგრამ გარკვეული, ხელოვნური ბარიერის გამოყენების გამო, მას 1 გამოცდით მეტის ჩაბარება მოუწია, რაც არ იყო დადგენილი მოცემული პროგრამით და რის გამოც მან ვეღარ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება. 

ესეც ალბათ იმ მიზეზის გამო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვანცა ყუფარაძე ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილ სტანდარტებს დაძლევდა და რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოხვდებოდა, მაშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დადგებოდა მორალური ვალდებულების წინაშე, შეეწყალებინა ეს მსჯავრდებული. 

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოებისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძის მდგომარეობას ყურადღებას მიაქცევენ“, - ამბობს პალამენტარი.


პრესა.გე-ს კითხვას - თქვენი აზრით, რას ერჩოდნენ 14 წლის გვანცა ყუფარაძეს? დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს:

“რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული მფარველები ჰყავთ, ისევე, როგორც დირექტორს. როგორც ჩანს, გვანცა ყუფარაძე აღმოჩნდა ყველაზე დაბალი ღობე, რომელზეც შესაძლებელი იყო ხელი შეეწმინდათ“.