კახა ბენდუქიძის პატივსაცემად სტუდენტებმა და პროფესო-მასწავლებლებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში სანთლები დაანთეს.
თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლებლები და სტუდენტები გვიან ღამით შეიკრიბნენ.
"ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა საქართველოს. თუნდაც 3 სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმის გაკეთებას რაც კახამ გააკეთა", - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკისა ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.
"თავისუფალ უნივერსიტეტში" წუხელ შეკრებილმა სტუდენტებმა კახა ბენდუქიძე გაიხსენეს. მათი განცხადებით, ბენდუქიძემ დიდი წვლილი შეიტანა მათი განათლების პროცესში.
"მას დიდი წვლილი მიუძღვის თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსებაში და ჩვენთვის, როგორც სტუდენტებისთვის, მისი დაკარგვა სამწუხარო ამბავია", - აცხადებენ სტუდენტები.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბენდუქიძის ახლობლებმა განუცხადეს, მან დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა.