მთავრობამ, რომელმაც "პიკი" დახურა, საქართველოს FM სიხშირეებზე საქართველოს წინააღმდეგ შხამის გავრცელების ნებართვა გასცა, - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, საქართველოში რადიო "სპუტნიკის" მაუწყებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
"როდესაც ევროპაზე აცხადებს პრეტენზიას საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ეს უკვე ის შემთხვევაც აღარ არის, რომ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ბოლო უკვე დიდი ხანია, აღარავის აკვირვებს და ფიცის, დიდი ხანია, არავის სჯერა. ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა დასავლეთში არც ერთი ჩვენი მეგობარი, რომელიც არ გალანძღა საქართველოს მთავრობამ. მექრთამეები და სააკაშვილის აგენტები უწოდეს და ამ ხალხთან მისასვლელი პირი ხომ უნდა გვქონდეს?! დღეს საქართველოს სახელმწიფო იმუნიტეტი სუსტდება, წინააღმდეგობის გაწევის უნარი უმცირდება ქვეყანას. პირველი, რაც გააკეთა მთავრობამ 2012 წელს ისაა, რომ დახურა ტელეკომპანია "პიკი". ახლა რა მოხდა? _ ჩამოვიდა საქართველოს დაუძინებელი მტრის, კისილევის შემადგენლობა, რომლის ყველა პროგრამა აკრძალულია უკრაინაში და საქართველოც ხომ ასეთივე ოკუპირებულია?! ეს არის ადამიანი, რომელიც ქართველ დახოცილ ბავშვებს აჩვენებდა და ამბობდა, რომ ესენი არიან ცხინვალში სეპარატისტების ოჯახის წევრები. ამავე დღეებში, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ამერიკული გამოცემა "ფორბსი" აღარ მინდაო, იმიტომ, რომ კრიტიკული მასალები დაიბეჭდა და ამავე მთავრობამ, ამავე სამინისტროებმა გასცეს ნებართვა საქართველოსვე FM სიხშირეებზე საქართველოს წინააღმდეგ შხამის გავრცელების ნებართვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იგი ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართულ ჯარს ტყვია-წამლის ფული არ აქვს.
"გამახსენდა მარკოიშვილის რაზმები, რომლებიც დარბოდნენ და ყველას ეუბნებოდნენ, ხალხო, არ გაჰყვეთ ერეკლესო; ის უცხოელი ვაჭრები, რომლებიც ამბობდნენ, ერეკლეს ზარბაზნები არა აქვსო. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი გადაარქვეს. ბერი გაბრიელი ძალიან საპატივცემულო სულიერი ლიდერი იყო, მაგრამ რატომ ვაპირისპირებთ ერთმანეთს სულიერ და ეროვნულ მოღვაწეებს?! რა დროს ეგ არის?! რა დროს ერის გათიშვაა?!", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ დადგა არა ახლა, არამედ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილი მოტყუებით, დადგმული კადრებით, პუტინის მოცემული 2 მილიარდით და "გრუს" ხრიკებით მოვიდა საქართველოს სათავეში.
მიხიელ სააკაშვილი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თემას და ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთი 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს სამხედრო გზაზე.
"რომელიმეს გჯერათ, რომ პუტინი ისეთი სულელია, 3 მილიარდი გაისროლა კრიზისის პირობებში ისე, რომ საქართველოს მთავრობისგან გარანტია არ აქვს, ჩვენი მონაკვეთის ნაწილის აშენების თაობაზე?! ე.ი. საქართველოს ხალხის ზურგს უკან დღისით, მზისით ხდება გარიგებები", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.