,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგომას არ აპირებს.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე საუბარი მას პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ექნება. "მე პარლამენტის თავმჯდომარესთან მექნება საუბარი თუ რას ფიქრობს უმრავლესობა, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, რადგან აქ მარტივია ყველაფერი. რომ იტყვიან "ქოთნის და ყურის" ამბავია, საიდანაც გინდა რომ მოაბა ყური. პირადად ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს პოზიცია, თანამდებობა. მე ვარ პარლამენტის წევრი და გავაგრძელებ საქმიანობას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენ დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა ვართ. ჩვენი ფრაქცია არსებობდა პარლამენტში და არ შექმნილა ახლა. მე ამაში რამე ტრაგიკულს არაფერს ვხედავ. არ ვაპირებ არანაირი თანამდებობიდან გადადგომას. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია და როგორც გადაწყვეტს, ისეც იქნება. თანამდებობები ხან გაქვს, ხან არა. მნიშვნელოვანია ქვეყანა როგორ განვითარება. ჩვენ არ ვართ ხალხის ოპოზიცია, ჩვენ ვართ მთავრობის ოპოზიცია და ვაპირებთ სერიოზულად მათ კრიტიკას იმ საკითხებში, რომლებშიც დავინახავთ და ვხედავთ კიდევაც, რომ არის პოლიტიკური დევნის თემები. ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. ნამდვილად არ ვიცი ვისი კანდიდატურები იხილება ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.