საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 15 ნოემბრის აქციით საზოგადოებამ რუსეთს ილუზიები უნდა გაუფანტოს, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი საბოლოოდ დაკარგა.
როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აქციის თემა რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ ეკუთვნის და მას ისეთი ორგანიზაციებიც უერთდებიან, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" გულზე არ ეხატება".
"მახსენდება 2008 წლის პირველ სექტემბერს მილიონმა ქართველმა ერთმანეთს ხელი როგორ ჩაკიდა და ჩადგა ჯაჭვში. მაშინ პუტინი არ აპირებდა საქართველოს დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას, თითქმის ნახევარი საქართველო ჰქონდა ოკუპირებული და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩემი აზრით, მან ჯარი გაიყვანა, იყო ის, რომ საქართველოში მეხუთე კოლონა ვერ იპოვა და მილიონი ქართველი ჩადგა ჯაჭვში. ამით პუტინი მიხვდა, რომ იმ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ორი ძირძველი მიწის იქით, მას იმ მომენტში უკვე აღარ დაედგომებოდა. დღეს მას და მსოფლიოსაც სხვა შთაბეჭდილება აქვს. დღეს, როგორც არასდროს, ძლიერია მეხუთე კოლონა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მზადაა, მას უცეკვონ და უმღერონ. დღეს პუტინს გონია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი საბოლოოდ დაკარგული აქვს და ის ადვილი ლუკმაა. დამპყრობლის ამ ილუზიის გასაფანტად ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს. ეს რომელიმე პარტიის აქცია არ არის. საქართველოს მთავრობას, რომ დაეგეგმა ეს აქცია, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ყველა ადამიანს მოუწოდებდა საქართველოს მთავრობის, ამ აქციას შეერთებოდა" - განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული არჩევანის საფრთხეებზეც ისაუბრა და მოქმედი ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკა.
"როდესაც დღევანდელი მთავრობა ევროპაზე საუბრობს, ეს უკვე "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს" შემთხვევაც აღარაა. ბოლო აღარავის აკვირვებს და ფიცისაც აღარავის სჯერა. ჩვენ თითქმის აღარ დაგვრჩა დასავლეთში მეგობარი, რომელიც საქართველოს მთავრობამ არ გალანძღა. მინისტრები, ჩვენი ქომაგები, სენატორები კონგრესმენები - მათ უწოდეს მექრთამეები, სააკაშვილის აგენტები. ამ ხალხთან უნდა მივიდეთ ჩვენ, როდესაც საქმე საქართველოს გადარჩენის საკითხს შეეხება", - დასძინა სააკაშვილმა.