თავდაცვის მაღალჩინოსნებს ბრალდებამ სახაზინო ადვოკატები შესთავაზა

თავდაცვის მაღალჩინოსნებს ბრალდებამ სახაზინო ადვოკატები შესთავაზა

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს პროკურორმა და გამომძიებელმა სახაზინო ადვოკატები შესთავაზეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

ბრალდებულების დამცველი მიიჩნევს, რომ ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, უკანონო ზემოქმედების დასაწყისია. "გუშინ, პროკურორი და გამომძიებელი იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მე ვერ შევძელი მისვლა, თუმცა ჩვენი ადვოკატებიც იქ იყვნენ, პროკურორებმა მათ უთხრეს, წაეკითხათ საქმის მასალები, მაგრამ ასლების გადაცემაზე უარი განაცხადეს, რაზეც ბრალდებულებმა და ადვოკატებმა უპასუხეს, რომ ეს არ იქნებოდა მხარეთა თანასწორობის პრინციპის განხორციელება და ეს იქნებოდა მხოლოდ ფორმალური დაცვის განხორციელება, რაც ისევ ბრალდების მხარის წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამიტომ ამას ადვოკატები და ბრალდებულები არ დათანხმდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებს ადვოკატების თანდასწრებით შესთავაზეს, რომ სახაზინო ადვოკატები აეყვანათ", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატის თქმით, "ეს გაუგონარი დარღვევაა". "ბრალდებულებმა ეს შეთავაზება ცხადია უარყვეს. რა მოტივით შესთავაზეს არ ვიცი, მაგრამ მათი თვალსაზრისით, ალბათ ადვოკატები პროკურორებს ხელს უშლიან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ვერ ცერთ მუხლს ვერ მიუთითებენ ისინი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ადვოკატების აცილება, რადგან ადვოკატები დაცვას არა თუ არიდებდნენ თავს, არამედ სწორედ დაცვას ახორციელებდნენ", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისი თქმით, "ის ფაქტი, რომ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უკვე დაუშვებელი მტკიცებულებაა და ის, რომ პროკურორები უკანონოდ სთავაზობენ ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატებს, უკანონო ზემოქმედების დასაწყისია".