პრეზიდენტმა და თავდაცვის ექსმინისტრმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს

პრეზიდენტმა და თავდაცვის ექსმინისტრმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს

ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ალასანიას თქმით, პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმეეების საქმის კურსში იყო.

"ჩვენ ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მოვახსენე იმ თემის შესახებ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უკავშირდება და რომლის საქმის კურსშიც იყო პრეზიდენტი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს გაგრძელდება, რადგან აღნიშნული უკავშირდება სწორედ იმ მთავარ და ეროვნულ ამოცანას, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ, ეს უკავშირდება სამხედრო ძლიერებას, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ამაზე გვქონდა საუბარი. ბუნებრივია, იმედი გამოვთქვით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე სასამართლო და გამოძიება წარიმართება ღიად და ტრანსფარენტულად, ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და საზოგადოება დაინახავს, თუ რა მიღწევები ჰქონდა არმიას და თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ისაუბრეს იმაზეც, რომ აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს. "აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია ქვეყანამ ასევე გააძლიეროს ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღო.