ალექსი პეტრიაშვილი დავით საგანელიძეს უსურვებს, სხვა უწყებებთან მიმართებაშიც პრინციპული იყოს

ალექსი პეტრიაშვილი დავით საგანელიძეს უსურვებს, სხვა უწყებებთან მიმართებაშიც პრინციპული იყოს

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს უსურვებს , სხვა უწყებებთან მიმართებაშიც ისეთივე პრინციპული იყოს, როგორც თავდაცვის სამინისტროს საქმესთან მიმართებაში.

"უკვე ჩაერთო ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის საპარლამენტო ფრთა, უმრავლესობის ლიდერის ხელმძღვანელობით, მაგრამ რეალურად, ეს მეტყველებს ერთ რამეზე – ყველა ის საქმე, რაც აქამდე გახმაურდა, შეფასდა, განხილულ იქნა, განწირულია ჩამოშლისთვის. ასეთივე პრინციპულობას ვისურვებდი უმრავლესობის ლიდერის მხრიდან "კაბელების საქმის" გასაჯაროებასთან დაკავშირებით; ასეთივე პრინციპულობას მოვითხოვდი მისგან სხვა უწყებებთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი ერთობლივად მიმართულია თავდაცვის უწყების, მისი ყოფილი ხელმძღვანლის და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პარლამენტში ანგარიშის წარდგენა სთხოვა. როგორც საგანელიძემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურმა პარლამენტში შესაბამისი ანგარიში წარმოადგინოს. გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესწავლა თავად უწყების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს შემოწმება დაიწყო 2013 წლის 7 ივლისიდან და მოწმდება 2011, 2012 და 2013 წლების პერიოდი. გენერალური აუდიტორის განმარტებით, მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს. თორდიას ინფორმაციით, ეს როგორც ირაკლი ალასანიას მინისტრობის, ისე მისი წინამორბედების მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება. თავდაცვის სამინისტროს 2011, 2012 და 2013 წლებში შესაბამისად, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი და ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდნენ.