სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაციას დაესწრო. ასოციაციამ ,,ელკანა“ კატალოგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - ,,ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში მოამზადა. კატალოგის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აგრარული უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის და ასოციაციის ,,ელკანა“ სპეციალისტები და ექსპერტები.
ელექტრონული კატალოგის კონცეფცია ასოციაციამ ,,ელკანა“ შეიმუშავა. კატალოგში კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების 824 აბორიგენული, ასევე ადგილობრივი სელექციური ჯიშია გაერთიანებული. აღნიშნული ჯიშები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა. ესენია: ვაზი (251 ჯიში), ხილი და კენკროვნები (317 ჯიში), მინდვრის კულტურები და ბოსტნეული (217 ჯიში) და სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველები (39 ჯიში).
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებმაც უზარმაზარი შრომა გაწიეს კატალოგის მომზადებისთვის. აგრარული ბიომრავალფეროვნების კატალოგი საფუძველს შექმნის საკვებისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების ინვენტარიზაციისათვის. აღნიშნული კატალოგი მნიშვნელოვნად დაეხმარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“ ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების დანერგვას ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების გამოვლენისა და ბრენდირების კუთხით“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
ამ ეტაპზე, ,,აგრარული ბიომრავალფეროვნების კატალოგის“ ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე http://tbilissimo.com/elkana/. კატალოგის სრულყოფისა და დახვეწის მიზნით, ასოციაცია ,,ელკანა“ კომენტარების მიღებას აგრძელებს.
ორენოვანი (ქართული/ინგლისური) კატალოგის საბოლოო ვერსია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.