ჯეკობ რესნეკი, "The Washington Times"
თბილისი, საქართველო – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უმდიდრესი კაცი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა ლითონისა და მინის $50 მილიონიან ნაგებობაში, საიდანაც პრეზიდენტის სასახლის გასაოცარი ხედი მოჩანდა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ანუ იმას, რაც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საფრთხეს უქმნის, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მთაზე თავშესაფარი ძალადობრივ ქართულ პოლიტიკაში მას ვერავითარ დაცვას ვერ სთავაზობს.
მთავრობამ მყისიერად ჩამოართვა ივანიშვილს მოქალაქეობა და ახლა მის ბანკში, ფულის გათეთრების ბრალდებით, გამოძიებას აწარმოებს. "The Washington Times"
მისი მხარდამჭერების თქმით, ივანიშვილმა, 44 წლის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 8 წლიანი მმართველობის შემდეგ, ცვლილებების იმედი გააჩინა. ოპონენტები კი იმაში სდებენ ბრალს, რომ ის რუსეთის ავტოკრატული პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტია.
„ბევრ ჩვენგანს ესმის, რომ ეს ფული და ფინანსური, მორალური, პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი ნომერ პირველი მოსისხლე მტრის მხრიდან, რუსეთიდან მოდის” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი. „ივანიშვილი მათთვის საქართველოს მთავრობის დამხობის ბოლო ინსტრუმენტია.”
ქართულ-რუსული კონფლიქტი სათავეს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან იღებს. მაშინ ორი ქართული ტერიტორია რუსეთის დახმარებით საქართველოს გამოეყო.
2008 წლის აგვისტოში კონფლიქტი ღია საომარ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინ საქართველომ სცადა უკან დაებრუნებინა მეამბოხე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ორმა ქვეყანამ ხუთი დღის განმავლობაში იომა. ისინი საზავო შეთანხმებას იცავენ, მაგრამ ურთიერთობები კვლავ შეწყვეტილია.
ნაციონალურმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სექტემბერში გამოკითხვა ჩაატარა. ამ გამოკითხვის მიხედვით, ქართველთა 63 პროცენტი დღესაც საქართველოს სუვერენიტეტისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს განიხილავს, მაგრამ მხოლოდ გამოკითხულთა 32 პროცენტი ამართლებს მთავრობის კონფრონტაციულ პოზიციას.
ზოგიერთი კონსპიროლოგიურ საუბრებს დაშინების ტაქტიკად მიიჩნევს.
„დასავლეთს ძალიან მობეზრდა ეს შპიონომანია,” ამბობს ოპოზიციის ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც თავს ივანიშვილის მოკავშირედ მიიჩნევს.
„დასავლეთში, მშვენივრად აცნობიერებენ იმას, რომ ამ ნარატივს სააკაშვილი გამიზნულად მიმართავს,” ამბობს ალასანია, რომელმაც პრეზიდენტის მოკავშირეთა რიგები 2008 წელს დატოვა, რათა საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოეყალიბებინა.
ივანიშვილი ფრთხილობს და უშუალოდ პუტინს არ აკრიტიკებს.
„დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობამ მოახერხა რუსეთთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება,” განაცხადა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.
საქართველოს საზღვრებს მიღმა, 55 წლის ივანიშვილი უცნობ ფიგურად რჩება.
ღარიბმა სოფლელმა ბიჭმა, დასავლეთ საქართველოდან, ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში, 1990-იანი წლების გიჟური პრივატიზაციის პროცესში შეიძინა. ის ყიდულობდა და ყიდდა ფირმებს და აყალიბებდა საბანკო და სამთო საქმის იმპერიას. მისი ქონება $5.5 მილიარდ დოლარს უდრის, რაც საქართველოს მშპ-ს დაახლოებით ნახევარია. ჟურნალმა ”ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ნუსხაში მას 185-ე ადგილი მიაკუთვნა.
ის რუსეთიდან საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა, პოლიტიკას თავს არიდებდა და ქველმოქმედებაზე იყო კონცენტრირებული.
ორი თვის წინ მან ღია წერილები გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილს დესპოტურ ქცევაში დასდო ბრალი. ის მიუთითებდა იმაზე, რომ ქვეყნის სამაუწყებლო მედია სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა და ქვეყნის პარლამენტში ერთი პარტია დომინირებს.
ახლა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ აქვს მზერა მიმართული, პოზიციისკენ, რომელიც ბოლო კონსტიტუციური ცვლილებებით განამტკიცეს. სააკაშვილმაც შეიძლება მოინდომოს ამ თანამდებობის დაკავება. მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება და მას კონსტიტუციით ეკრძალება კიდევ ერთხელ თანამდებობაზე მოსვლა.
ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სწუხს, რომ სააკაშვილი არ არის მზად ხელისუფლების დასათმობად და პუტინთან ავლებენ პარალელს. პუტინი ჯერ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ამჟამად პრემიერ-მინისტრია და ახლა ისევ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
„სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია. კარგი აკეთა, თუ ცუდი, ეს ასეა,” ამბობს ალასანია. „მას საქართველოს მხოლოდ დაღმასვლით წაყვანა შეუძლია, რადგან მას პუტინივით ხელისუფლებაში დარჩენის ამბიცია აქვს.”
არჩევნები ოქტომბრისთვისაა დანიშნული და პოლიტიკური მანევრები უკვე დაწყებულია.
ოქტომბერში მთავრობამ ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოართვა იმის ნიადაგზე, რომ მათ ფრანგული პასპორტები ჰქონდათ. ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა და მან ამ მოქალაქეობაზე უარი მიმდინარე კვირას თქვა.
გასულ კვირას ქართულმა სასამართლომ მისი მოქალაქეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მაგრამ აღადგინა მისი მეუღლის მოქალაქეობა. ივანიშვილი მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
გიორგი გაბრიელაშვილი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავრობამ წყვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სტანდარტული პროცედურა დაიცვა.
„ჩვენ სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით,” განაცხადა მან. ”ჩვენ პროფესიონალები ვართ და არა პოლიტიკოსები.”
ის, ვინც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობს, ვერ ჩაუდგება სათავეში პოლიტიკურ პარტიებს და ვერ დააფინანსებს საარჩევნო კამპანიას.
გასულ თვეში ივანიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული ოცნება” დააფუძნა და თბილისის ფილარმონიის დარბაზი, რომელშიც 2,000 ადგილია, მოსულმა ხალხმა შეავსო.
ის იმედოვნებს, რომ თავის დიდ ქონებას პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად გამოიყენებს, მაგრამ მის ქონებასაც იკვლევენ.
ოქტომბერში პოლიციამ თბილისის ცენტრში „ქართუ ბანკის” კუთვნილ ნაღდ ფულს გადატანისას კონფისკაცია გაუკეთა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ საეჭვო თანხის ოდენობა – $2 მილიონია.
„ჩვენ ვერ ავიტანთ იმას, რომ კომერციული ბანკი პოლიტიკაში იყოს ჩართული,” განაცხადა გიორგი ქადაგიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველმა.
„ქართუ ბანკის” დირექტორი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველია, ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძველი ტიპის შანტაჟს წარმოადგენდა.
„ჩვენს ბანკში პოლიტიკური ფული არ არის,” ამბობს ის. ”ქართუ ბანკის ყველა საწარმოზე უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.”
ამასობაში კი ათასობით ქართველმა გახსნა ანგარიშები ”ქართუ ბანკში”, რაც იმის ნიშანია, რომ ივანიშვილმა კარგად გაუგო საზოგადოების უკმაყოფილებას.
ერთმა 30 წლის ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც შავი ტყავის, მტვრიანი ქურთუკი ეცვა, განაცხადა, რომ მან 1 დოლარზე ნაკლები შეიტანა ახალ ანგარიშზე, რათა იმ მილიარდერისთვის, ვინც იმედი აჩუქა, სოლიდარობა გამოეხატა.
„უმუშევარი ვარ და ეს ამ მთავრობის ბრალია,” განაცხადა მან.
foreignpress.ge
768
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85